სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მათი 2018 წლის ანგარიშის რეკომენდაციებიდან პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროსთვის 31 დავალება გასცა, რომელთაგან მხოლოდ 5 შესრულდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გამოსვლისას, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია "სხვა წყაროებიდან" მოიპოვეს, რადგან სამინისტრომ მათ წერილებს არ უპასუხა:

"იუსტიციის სამინისტრომ არცერთ წერილზე, რომლითაც მათ ვთხოვდით ინფორმაციას სამინისტროს საქმიანობაზე, პასუხი არ გაუცია. სახალხო დამცველმა სხვა წყაროებზე დაყრდნობით შეძლო სამინისტროს მიერ დავალებების შესრულების მდგომარეობის შეფასება", — ამბობს ლომჯარია და განმარტავს, რომ სამინისტრომ ნაწილობრივ შეასრულა ოთხი დავალება და არ შეასრულა — 16.

იგი შესრულებულ დავალებებად ასახელებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, რომლის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 30 დღით განისაზღვრა. ასევე, შესრულდა ისიც, რომ ციხეებში ჩატარდა არაგადამდები დაავადებების სკრინინგი; შეიცვალა ხანმოკლე პაემნების ინფრასტრუქტურა.

შეუსრულებელ დავალებებში ლომჯარიამ გამოყო მე-15 დაწესებულების გადატვირთულობის პრობლემა; მისივე თქმით, მსჯავრდებულებს ისევ არ შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები რისკის შეფასებისას; ასევე, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსების ვადა არ შემცირებულა 72-დან 24 საათამდე და ექიმებს არ აქვთ ვალდებულება, საგამოძიებო ორგანოებს პირდაპირ გაუგზავნონ პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ.