ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიიღეს 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე, რომელიც ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცათ.

ელჩის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს.

"აღნიშნული აჩვენებს რომ მსგავსი გამოწვევების დროს ჩვენ ერთად ვდგავართ. ეს არის ბულგარეთის რესპუბლიკის კონტრიბუცია ევროკავშირის ფართო ინიციატივაში "ევროპის გუნდი", რათა მხარი დაუჭირონ პარტნიორ ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და მის შედეგებთან გამკლავებაში", — აღნიშნა ივანოვამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნები ხშირად იღებენ და გასცემენ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელთა დიდი ნაწილი სამედიცინო აღჭურვილობაა.