გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მაჟორიტარებთან დაკავშირებთ გაურკვევლობა უნდა დაასრულოს და თუ საერთო კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან, მიზეზი საჯაროდ უნდა ახსნან. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

"მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია. თუ აღარ არის მნიშვნელოვანი, ვინმემ ახსნას, რატომ იყო მნიშვნელოვანი რამდენიმე თვე და ახლა რა შეიცვალა. თუ შეთანხმება ვერ ხდება, მე მაინტერესებს, რატომ ვერ ხდება. მეტიც, ვთვლი, რომ ეს საჯაროდ არის ასახსნელი; მე მეჩქარება ამ პროცესის დასრულება (იმედია შეთანხმებით), რომ გაურკვევლობა დასრულდეს და კამპანია დავიწყო", — წერს ჯაფარიძე.

საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, არის ოლქები, სადაც ცალსახად ერთი კანდიდატია საჭირო, თუმცა ზოგიერთში შეიძლება რამდენიმე კანდიდატის წარდგენა. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.

ამავე თემაზე: