სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი 2018 წლის ანგარიშის რეკომენდაციებიდან პარლამენტმა 259 დავალება გასცა უწყებებისთვის, რომელთა მხოლოდ 20 პროცენტი შესრულდა. სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილავენ. რეკომენდაციები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება.

"სახალხო დამცველმა ადგილობრივი თვითმმართველობებსა და უწყებებს 310 რეკომენდაცია მისცა, აქედან პარლამნეტმა მათზე 259 დავალება გასცა, რაც 78 პროცენტია. [...] შესრულებულად ვთვლით 42 საპარლამენტო დავალებას, რომელიც სრული ოდენობის 20 პროცენტია. ნაწილობრივ შესრულდა 38 დავალება, რაც 19 პროცენტია და არ შესრულდა 118 საპარლამენტო დავალება, რაც 57 პროცენტია", — ამბობს ომბუდსმენი კომიტეტზე გამოსვლისას.

ნინო ლომჯარიას ცნობითვე, საქართველოს მთავრობაზე პარლამენტმა 13 დავალება გასცა, რომელთაგან მხოლოდ 2 შესრულდა, 4 კი ნაწილობრივ შეასრულეს:

"შესრულებულ დავალებებში ომბუდსმენი გულისხმობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებასა და ასევე, ისიც, რომ უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის უკვე შესაძლებელია ბრაილით ან სხვა ალტერნატიული ფორმის განცხადებით მიმართონ მთავრობას".