ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა საკუთარი მდომარეობა საქართველოში. ამის შესახებ მან საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ოპოზიციამ აბსოლუტურად უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები შეარჩიოს.

"30 უკანასკნელი ოლქი მოითხოვს ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ერთიანობას. არც ისაა დასამალი, რომ ხშირად ერთ პარტიაში ჭირს კანდიდატურების შერჩევა, სიების შედგენა, აღარ არის საუბარი 30-40 პოლიტიკურ პარტიაზე, საიდანაც უმრავლესობას ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა საკუთარი მდომარეობა საქართველოში. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აბსოლუტურად უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები შევარჩიოთ, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა", — განაცხადა ნათელაშვილმა.

საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, არის ოლქები, სადაც ცალსახად ერთი კანდიდატია საჭირო, თუმცა ზოგიერთში შეიძლება რამდენიმე კანდიდატის წარდგენა. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.

ამავე თემაზე: