ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის ოპოზიციას პირველ ეტაპზე თბილისში საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და ზედმეტი საჯატო განცხადებებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომ უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით აუცილებლად, განსაკუთრებით თბილისში. ვფიქრობ, რომ უნდა გვყავდეს აუცილებლდა ერთიანი მაჟორიტარები. თავი შევიკავოთ ზედმეტი საჯარო განცხადებებისგან, დავჯდეთ ისე, როგორც ჩვენ გვჩვევია, ყველანი ერთად და მივიღოთ საერთო, ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება", — განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, რეგიონებში შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის წარდგენა უკეთესიც იყოს.

"რეგიონებში საკითხი ძალიან სპეციფიურია, ზოგიერთგან შეიძლება უკეთესი იყოს რომ რამდენიმე კანდიდატი იყოს ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, რომ ძირითად ქალაქებში ასევე შეთანხმება უნდა მოხდეს. პირველი ეტაპი არის თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება", — განაცხადა ვაშაძემ.

საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, არის ოლქები, სადაც ცალსახად ერთი კანდიდატია საჭირო, თუმცა ზოგიერთში შეიძლება რამდენიმე კანდიდატის წარდგენა. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.

ამავე თემაზე: