ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობამ ცვლილელები დააინიცირა, რომლის მიხედვითაც მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, შეამსუბუქოს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც სახელმწიფო ქონების იჯარით აღების ან პრივატიზების დროს კერძო სუბიექტს ეკისრება.

მისი თქმით, მთავრობის შეღავათით სარგებლობისათვის სუბიექტმა უნდა დაადასტუროს, რომ ეს პრობლემები პანდემიისა და საგანგებო ვითარების გამო შეექმნათ. მისივე განმარტებით, ეს შეღავათები დროში ჩაკეტილი იქნება და გარკვეული ვადით იმოქმედებს.

თურნავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 900-მდე სხვადასხვა სუბიექტს იჯარის დროულად გადახდაში პრობლემები შეექმნა, ხოლო 20-ზე მეტი სუბიექტს საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების.

"დავაინიცირეთ ცვლილება, რომლის თანახმადაც მთავრობას ეძლევა უფლება პანდემიიდან გამომდინარე, ის სახელმწიფო ქონება, რომელიც არის განკარგული საპრივატიზებო ქონების მართვის სააგენტოს მიერ, მათ შორის გაიჯარებული სახელმწიფო ქონება, ამ ხელშეკრულებების შესრულებაში თუკი სუბიექტს შეექმნა პრობლემა, ვერ გადაიხადა დროულად საიჯარო გადასახადი, დაერიცხა პირგასამტეხლო და ა.შ. გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, და შევძლოთ, რომ ვაპატიოთ გარკვეული პირგასამტეხლოები ან გადავუვადოთ გადახდის ვადები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით აღების შემთხვევაში და იმ პირებისთვის, ვინც აიღო იჯარით სასოფლო სამეურნეო მიწები ან საპრივატიზებო ხელშეკრულებით და მის შესრულებაში შეექმნა გარკვეული ფინანსური პრობლემები", — განაცხადა თურნავამ.