ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ყალბი ამბის უკან ოპოზიციური ძალები დგანან, რომლებიც "თავს თამაშგარეთ გრძნობენ". ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდგომ განაცხადა.

"ამის უკან, რა თქმა უნდა, დგანან ოპოზიციური ძალები, ვინც თავს რაღაცნაირად თამაშგარეთ გრძნობს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და მართლაც ძირითადი ინტერესი მოსახლეობის არის მთავრობის მიმართ და მხარდაჭერაც ჩანს ყველა რეიტინგის მიხედვით. აი, ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომლებსაც სამწუხაროდ მედიასაშუალებებიც იტაცებენ ცდილობენ, ამაზე ყურადღების გადატანა მოხდეს. მე მგონი, მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს ეს", — განაცხადა თურნავამ.

პრემიერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მთავარმა არხმა გაავრცელა. მათი ცნობით, გახარიას თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი, რაც ფორმალურად უახლოეს საათებში აღსრულდება.

მთავარი არხის ინფორმაციით, გიორგი გახარიას პოსტის დატოვების მიზეზი, პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის "დაძაბული მოლაპარაკებაა". ტელეკომპანიის ცნობითვე, ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა გახარია ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

პრემიერის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის წინ TV პირველიც ავრცელებდა. 17 მარტს მან რუსთავი 2-ის გადაცემა ღამის კურიერში მის შესაძლო გადადგომაზე საუბრისას განაცხადა: "გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, რა იქნება... სადაც საჭიროა, იქ ვიქნები".