ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო ადამიანები ხშირად ამბობდნენ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა დისტოპიურ წიგნსა თუ სერიალს დაემსგავსა: ავსტრალიაში მასშტაბურმა ხანძრებმა იშვიათი სახეობის მილიონობით ცხოველი შეიწირა, შემდეგ მსოფლიოში მოულოდნელად გავრცელდა კორონავირუსი, ამჟამად კი აშშ-ში ხალხმრავალი აქციებით შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ.

ამ ყველაფერმა შეიძლება სხვადასხვა ფილმი ან სატელევიზიო შოუ მოგვაგონოს, თუმცა მოვლენების მსგავსი განვითარება თავისი მასშტაბურობით, ემოციური სიმძიმითა და მომავლის სკეპტიკური განწყობით ყველაზე მეტად, ალბათ, გახმაურებულ სერიალ Black Mirror-ს ჰგავს.

ეს მსგავსება დაიჭირეს ესპანურ სარეკლამო კომპანია Brother-ში და მადრიდის ქუჩებში ავტობუსების გაჩერებასთან შემდეგი კრეატიული იდეა განახორციელეს:

"გამოვიდა Black Mirror-ის მეექვსე სეზონი. უყურეთ პირდაპირ ეთერში, ყველგან".

ამ დამოკიდებულებას ირიბად იზიარებს ნეტფლიქსის ამ საყოველთაოდ ცნობილი სერიალის შემქმნელი, ჩარლი ბრუკერიც: რამდენიმე კვირის წინ მან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამყარო ახალი სეზონისთვის ზედმეტად დაზაფრულია.

"ამ მომენტისთვის არ ვიცი ვის უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ საზოგადოების დაშლისა თუ განადგურების შესახებ ისტორიებს უყუროს. ამიტომაც ამჟამად ახალ სეზონზე არ ვმუშაობ", — აღნიშნა ჩარლი ბრუკერმა.

ამ შოუს ერთგულ მაყურებლებს, ალბათ, გული სწყდებათ, რომ არ იციან, როდის შეძლებენ ანთოლოგიის შემდეგი ნაწილების ხილვას, თუმცა ისიც მართალია, რომ ემოციური სიმძაფრე და ერთმანეთზე უფრო დაუჯერებელი სიახლეები ამჟამად არც ყოველდღიურობაში გვაკლია.