საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლიდან ზრდას დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც სუბსიდირებას ეხებოდა.

"2021 წლიდან, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკა საქართველოში დაიწყებს ზრდას და იმედი მაქვს, რომ გლობალური ეკონომიკაც უკვე მაგ დროისთვის პირველი ნიშნებს გამოავლენს რეცესიის გადალახვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნეს პროექტებზე, ისინი გათვლილია რამდენიმე წელიწადზე და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდება, რომ განსაკუთრებით გვერდში დავუდგეთ ბიზნესებს. იგივე, თუნდაც რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები, ეს არ არის სამი თვის, 4 თვის ან 12 თვის ამოცანა. ამაზე ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში უფრო მეტად მოგვიწევს კიდევ ზრუნვა", — განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ შეიქმნას უფრო მეტად განჭვრეტადი გარემო, პროგრამები არ არის ერთჯერადი ხასიათის და გათვლილია, სულ მცირე, საშუალოვადიან პერსპექტივაზე.

"როდესაც ჩვენ, 5 წლის მერე, მაგალითად, დავინახავთ, რომ იმდენად მდგრადია ეკონომიკა მსოფლიოში და რეგიონში, რომ ჩვენთან არსებულ ინვესტორებს არ დასჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ძლიერი ჩარევა და დახმარება ფინანსური, მაშინ რა თქმა უნდა, შევამცირებთ ამ მოცულობებს, მაგრამ მანამდე ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში გვერდში დავუდგებით ყველას", — აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3,6 პროცენტია.