თავდაცვის მინისტრი და პენტაგონის ხელმძღვანელი, მარკ ესპერი ქვეყანაში მიმდინარე აქციების ჩახშობისთვის არმიის გამოყენების წინააღმდეგია. ამის შესახებ მან 3 ივნისს ბრიფინგის დროს განაცხადა.

აქციების ჩახშობისთვისა და წესრიგის დამყარებისთვის არმიის გამოყენებას დაჟინებით მოითხოვს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპი.

ესპერის თქმით, 1807 წელს მიღებული კანონი, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს საჭიროების შემთხვევაში არმია გამოიყენოს, მხოლოდ ყველაზე გადაუდებელ და კრიტიკულ სიტუაციაში უნდა გამოიყენონ.

"ამჟამად ჩვენ არ ვიმყოფებით არც ერთ მსგავს სიტუაციაში. მოწოდებას მხარს არ ვუჭერ", — განაცხადა ესპერმა.

თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დახმარების გასაწევად საუკეთესო ვარიანტი ეროვნული გვარდიაა — სამხედრო ძალების სპეციალური დანაყოფი, რომელსაც ხელისუფლება საგანგებო ვითარების დროს იყენებს.

აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპროტესტებენ, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის გულგრილობისა და არაადამიანური ქმედებების გამო დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, დემონსტრანტები შეზღუდვას არ ითვალისწინებენ.

მოქალაქეები სისტემაში არსებული რასიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. გამონათქვამებისა და ტვიტების გამო რასიზმში ადანაშაულებენ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.

მშვიდობიანად დაწყებული პროტესტი არეულობასა და დარბევაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ მანქანებს და არბევენ მაღაზიებს, პოლიცია კი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს.

ამასთან, გუშინ ფლოიდის დაკავების დროს მონაწილე კიდევ სამ ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს და მკვლელობის ხელშეწყობასა და წახალისებას ედავებიან. დერეკ შოვინს კი, რომელსაც ფლოიდის მესამე ხარისხის მკვლელობა ედებოდა ბრალად, გადაუკვალიფიცირეს და ახლა მეორე ხარისხის მკვლელობას ედავებიან.