თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შემდეგ, კომპანიის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა. კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის, 114-ის სპეციალისტებმა უსაფრთხოების ყველა ზომა გაატარეს იმისათვის რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. ბინა გაქირავებული იყო, ბინაში მცხოვრებლები კი აღნიშნულ მომენტში ქალაქიდან იყვნენ გასულები.

"ფოტოებზე თქვენ ხედავთ თბილისში, აფეთქებას გადარჩენილ კიდევ ერთ სახლს. რომელიც ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე შენობებს და მაცზოვრებლებს", — აღნიშნავენ კომპანიაში.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილებით (გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ) საცხოვრებელ სახლებში გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელია ბინის მეპატრონე.

"თბილისი ენერჯი მოგმართავთ თხოვნით-მაქსიმალურად დაიცვათ თქვენს სახლებში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები, რომ საფრთხე არ შეუქმნათ საკუთარი ოჯახის წევრებს და არც მეზობლებს. არ მოიხმაროთ კუსტარულად დამონტაჟებული ნებისმიერი ტიპის წყლის გამაცხელებელი (ე.წ. კალონკა) და გაზის გამათბობელი. ყველა დანადგარი უნდა იყოს სპეციალისტის მიერ შემოწმებული და დამონტაჟებული", — ამბობს თბილისი ენერჯი.

ამასთან, კომპანია მომხმარებლებს მიმართავს, რომ თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე (2 40 40 04) და სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე (114) დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. ასევე ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარება შესაძლებელია ონლაინ — www.te.ge ან თბილისი ენერჯის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით.

"გისურვებთ ჯანმრთელობას და მეტ სიფრთხილეს", — აღნიშნავენ კომპანიაში.