დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უკვე შესაძლებელია ნაბიჯების გადადგმა თეთრიწყაროს რაიონის გახსნისკენ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ორ კვირაში იქ 449-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, თუმცა კორონავირუსზე დადებითი შედეგი არც ერთხელ გამოვლენილა.

გახარიას არ დაუკონკრეტებია, როდიდან აპირებენ თეთრიწყაროს გახსნას. სავარაუდოდ, რაიონი გაიხსნება დღეს ან ხვალ.

"22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე, ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ერთ ინკუბაციის პერიოდს, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. [...] ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა თეთრიწყაროელებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა დავიცვათ და ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ფხიზლად, რომ კვლავ არ მოგვიწიოს მსგავსი შეზღუდვების მიღება", — თქვა გახარიამ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში, თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 26 აპრილიდან ამოქმედდა. მიზეზად უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკი დაასახელა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 801 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 644, ხოლო გარდაცვლილია 13 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: