შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ფულის გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.

მათი თქმით, ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.