ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

"მე გუშინ მქონდა საუბარი ჩეხ კოლეგასთან და მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ივნისის ბოლოდან, ივლისის დასაწყისიდან საქართველო გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის, ასევე მსგავსი გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია უკვე ისრაელში და ისრაელისთვისაც საქართველო გამოცხადებულია როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ველოდებით უკვე ოფიციალურად დადასტურებას თუ რა თარიღიდან იქნება ეს, ჩვენი ვარაუდით ივნისის მეორე ნახევრიდან", — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბერძნეთთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.

"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ეს მიმართულება გაიხსნება ქართველი ტურისტებისთვის და ასევე, ტურისტებისთვის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით", — აღნიშნა ზალკალიანმა.

ქვეყნებმა საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტეს, გავრცელების პრევენციისთვის. ბოლო რამდენიმე კვირაა კი ისინი მუშაობენ უსაფრთხო მიმოსვლისთვის ე.წ. მწვანე ზონების ანუ იმ ქვეყნების შერჩევაზე, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალი არ არის.