ახლახან, მეცნიერებმა თაგვებს ადამიანის კანის უჯრედებისგან ლაბორატორიის პირობებში შექმნილი ფუნქციორი ღვიძლი წარმატებით გადაუნერგეს.

ექსპერიმენტმა, რომლის ფარგლებშიც ცხოველებს მომუშავე ღვიძლები გადაუნერგეს, შესაძლოა, ღვიძლის დაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდებს დაუდოს საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის ადამიანზე გამოცდამდე საკმაოდ დიდი დრო და ბევრი სამუშაოა დარჩენილი, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მათი მეთოდი მომავალში ღვიძლის ტრანსპლანტების ალტერნატივა იქნება, რომლებიც ხშირად ძალიან ძვირი და რაოდენობაში შეზღუდულია.

"მთავარი მიზანი ისეთი ორგანოების შექმნაა, რომლებსაც ორგანოთა დონაციის ჩანაცვლება შეეძლებათ", — განაცხადა პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალეხანდრო გუტიერესმა.

მინიატურული ღვიძლის შესაქმნელად, მკვლევრებმა ადამიანის კანის უჯრედები ღეროვანი უჯრედების მდგომარეობაში გადაიყვანეს, რომელსაც პლურიპოტენტურ უჯრედებს უწოდებენ. მისგან კი სხვა ტიპის უჯრედების მიღებაა შესაძლებელი.

ჩვეულებრივ, ადამიანის ღვიძლს საბოლოო მომწიფებისთვის ორი წელი სჭირდება, მკვლევრებმა კი მისი მინიატურული ანალოგი მხოლოდ რამდენიმე კვირაში შექმნეს.

მინიატურული ღვიძლები ხუთ თაგვს გადაუნერგეს, ოთხი დღის შემდეგ კი თაგვები გაკვეთეს. ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ღვიძლები წარმატებით ფუნქციონირებდნენ.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ტრანსპლანტი იდეალურად მუშაობს — ცოცხალი ქსოვილის ცხოველის სისხლძარღვთა სისტემასთან სათანადოდ დაკავშირებასთან პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.

მიუხედავად ამისა, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და მსგავს ტექნიკას ერთ დღესაც ადამიანებზეც გამოიყენებენ. თუმცა ამისთვის უამრავი სხვა ექსპერიმენტის ჩატარებაა აუცილებელი. ამჟამად კი, მსგავსი მინიატურული ორგანოების დახმარებით სიმულირებული დაავადებების გამოკვლევა და სხვადასხვა მკურნალობის გზების მოსინჯვაა შესაძლებელი.

"მჯერა, რომ ეს ძალიან მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია — შეგიძლია, რომ კანის ერთი უჯრედიდან ფუნქციონალური ორგანო შექმნა", — განაცხადა გუტიერესმა.

კვლევა ორ ივნისს, ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვეყნდა.