პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში ყველაზე არასტაბილური პოსტი პრემიერმინისტრის თანამდებობაა. ასე გამოეხმაურა ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტს მალე დატოვებს.

მისი თქმით, ნებისმიერი კანდიდატი, ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს გახარია, ლოგიკური არ იქნება, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. როგორც ბესელია ამბობს, გახარიას საპირწონე ჩამნაცვლებელი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს.

"მიჭირს ან დაგიდასტუროთ, ან უარვყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ. არ გამოვრიცხავ იმის გამო, რომ ყველაზე არასტაბილური პოზიცია ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში, ეს არის პრემიერმინისტრის პოსტი, რომელიც ყველაზე მეტჯერ შეიცვალა და მემგონი, რეკორდიც მოიხსნა. ყოველ შემთხვევაში ასეთი არასტაბილური უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, როგორიც არის პრემიერმინისტრის თანამდებობა, მეორე არ მახსენდება", — განაცხადა ბესელიამ.

პრემიერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მთავარმა არხმა გაავრცელა. მათი ცნობით, გახარიას თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი, რაც ფორმალურად უახლოეს საათებში აღსრულდება.

მთავარი არხის ინფორმაციით, გიორგი გახარიას პოსტის დატოვების მიზეზი, პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის "დაძაბული მოლაპარაკებაა". ტელეკომპანიის ცნობითვე, ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა გახარია ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

პრემიერის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის წინ TV პირველიც ავრცელებდა. 17 მარტს მან რუსთავი 2-ის გადაცემა ღამის კურიერში მის შესაძლო გადადგომაზე საუბრისას განაცხადა: გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, რა იქნება... სადაც საჭიროა, იქ ვიქნები.