ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაზე "არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება" და რომ ეს "რომელიღაც მედიის პროდიუსინგში მოგონილი ამბავია". ამის შესახებ მან დღეს, 3 ივნისს მთავარ არხს განუცხადა:

"ოპოზიციას სჩვევია, ბოლო დროს იგონებენ ამბავს მათი მედიასაშუალების მეშვეობით, მერე ამ ამბავზე ბრაზდებიან და ამას ვისმენთ. ამბავი არის მოგონილი და ამ მოგონილ ამბავზე ჩვენ გვთხოვენ კომენტარს და გვთხოვენ პასუხის პასუხს".

პრემიერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მთავარმა არხმა გაავრცელა. მათი ცნობით, გახარიას თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი, რაც ფორმალურად უახლოეს საათებში აღსრულდება.

მთავარი არხის ინფორმაციით, გიორგი გახარიას პოსტის დატოვების მიზეზი, პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის "დაძაბული მოლაპარაკებაა". ტელეკომპანიის ცნობითვე, ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა გახარია ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

პრემიერის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის წინ TV პირველიც ავრცელებდა. 17 მარტს მან რუსთავი 2-ის გადაცემა ღამის კურიერში მის შესაძლო გადადგომაზე საუბრისას განაცხადა: გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, რა იქნება... სადაც საჭიროა, იქ ვიქნები.