უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შესაძლოა, მაჟორიტარად კენჭი არ იყაროს, რადგან მისი პარტიული და საპარლამენტო თანამდებობის გამო, ეს რთული იქნება.

მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ ის ქართული ოცნების მაჟორიტარი ზესტაფონი-თერჯოლა-ბაღდათი-ტყიბულის ოლქში იქნება.

"მე მიმაჩნია, რომ საპარლამენტო მაღალი თანამდებობა როდესაც აქვს ადამიანს და ძალიან დატვირთულია, როგორც პარტიაში, ასევე პარლამენტში, ახლა არ ვწუწუნებ ნამდვილად, მაგრამ ეს ასე, ცოტა მას უჭირს სამაჟორიტარო ოლქთან წარმატებით კომუნიკაცია. მე მაგალითად, ძალიან მიჭირს ჩემს ოლქში, საბურთალოს ერთი დიდი ნაწილის მაჟორიტარი ვარ და ძალიან ხშირად მაქვს სიტუაცია, როცა რაღაც სკვერი იხსნება და გზის რეაბილიტაცია და ამის პრეზენტაციაა, იქაც კი ვერ მივსულვარ და სხვადასხვა შეხვედრის, თათბირისა და ღონისძიების გამო და ძალიან ვნერვიულობ ხოლმე მერე ამ საკითხზე, რთულია", — განაცხადა მდინარაძემ რუსთავი 2-თან.