ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, "რამე უნდა მოუხერხონ" იმ ფაქტს, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი ე.წ რესპუბლიკაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედის, რაც მათი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბჟანიას თქმით, გასაკონტროლებელია ისიც, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან "საქართველოში მილიარდობით რუბლის პროდუქცია გადის".

"საბაჟო კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, თხილის მარაგი წელიწადში 11-12 ათას ტონაა და აქედან მაქსიმუმ 10% მიდის რუსეთში, დანარჩენი საქართველოში.

ეს ფული დიდწილად გროვდება იმ ადამიანების ჯიბეებში, რომლებიც ძირითადად კონტრაბანდით არიან დაკავებულები. რატომ უნდა ვაქციოთ ეს ადამიანები კონტრაბანდისტებად. რატომ არ უნდა შედიოდეს ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტში. ვის რას ვუმტკიცებთ ამ მიდგომით?", — განაცხადა ბჯანიამ დეპუატატებთან შეხვედრაზე, რომლის ვიდეჩანაწერიც აფხაზური ტელევიზიით გავრცელდა.

ბჟანიას თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკას უნდა ჰქონდეს თავისი მოთხოვნები, პროდუქციას შესაბამისი სერტიფიკატები და ისინი სრულად უნდა აკონტროლებდნენ ე.წ. საზღვრებს.

"ამაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ ეს ტყუილია, არ შეიძლება. ეს ჩემს წესებს ეწინააღმდეგება", — განაცხადა ბჟანიამ.