პარლამენტში ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ მინისტრებს რეგლამენტის კანონთან დაკავშირებით მინისტრებს სემინარი ჩაუტარონ.

ჯანდაცვის კომიტეტზე მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარეს. 2 მაისს მინისტრმა წერილობით ითხოვა, რომ მისი მისვლა კომიტეტზე თვის ბოლოსთვის გადაედოთ.

ლევან კობერიძის თქმით, ეკატერინე ტიკარაძემ თავისი არმისვლით რეგლამენტის შესახებ კანონი დაარღვია. გარდა ამისა, ამის შესახებ კომიტეტს მან მხოლოდ ერთი დღით ადრე შეატყობინა, როცა რეგლამენტით სულ მცირე ერთი კვირის წინ უნდა შეეტყობინებინა.

"ვიღაცას შეიძლება, რეგლამენტი შინაგანაწესი ჰგონია, მაგრამ ეს არის კანონი. ჩვენ გვყავს მინისტრი, არაერთი სხვათა შორის, რომელიც კანონს არღვევს და ქალბატონი ეკატერინე არის ლიდერი, რადგან მესამედ არღვევს კანონს", — განაცხადა კობერიძემ.

კობერიძე ამბობს, რომ მინისტრობის განმავლობაში ტიკარაძე პროფილურ კომიტეტზე არც ერთხელ არ ყოფილა. მისივე განმარტებით, მინისტრები კანონს არღვევენ მაშინ, როცა მოსახლეობისგან კანონების დაცვას მოითხოვენ.

"თემა ისაა რომ კანონში რეგლამენტის შესახებ არ წერია ჯარიმები. მე მგონი, ეს უხარიათ პატარა ბავშვებივით ჩვენს მინისტრებს, აი, კანონში არ წერია დარღვევა, მერე რა რომ არ მივალთ, სამაგიეროდ ჯარიმას ვერ დაგვაწესებს. ეს სამარცხვინო ფაქტია. ქალბატონ ეკას განვუმარტავ რატომ არ წერია რეგლამენტში ჯარიმაზე. ეს რომ ეწეროს, იქნებოდა სირცხვილი პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის [...] თავის დროზე პრემიერმინისტრმა კი მიპასუხა, როცა არ გამცა პასუხი სადეპუტატო შეკითხვაზე, მაგას მირჩევნია ჯარიმა გადავიხადოო. ვერ ერკვევიან. ვიღაცამ წააკითხეთ რეგლამენტი. მივმართავ პარლამენტის ადმინისტრაციას, რომ ერთი ორდღიანი სემინარი ჩაუტარონ რეგლამენტის კანონთან დაკავშირებით ჩვენს მინისტრებს, რომ წარმოდგენა ჰქონდეთ რაზეა საუბარი", — განაცხადა კობერიძემ.