საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters და რუსული სახელისუფლებო მედია TASS პარტნიორები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, TASS-ის ინფორმაცია, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტსა და კრემლის შესახებ, Reuters Connect-ის პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. ამ ფორმით TASS სხვა ქვეყნების 17 სააგენტოს შეურთდება, რომლებიც Reuters-თან თანამშრომლობენ.

როგორც Reuters-ის პრეზიდენტი მაიკლ ფრიდენგერგი ამბობს, მოხარულია, რომ რუსული სახელისუფლებო მედია TASS მათ "ღირსეულ თანამშრომლობას" შეურთდა. მისი თქმით, ამ თანამშრომლობით, Reuters თავის აუდიტორიას "უფრო ვრცელ და ღრმა ინფორმაციას" შესთავაზებს.

TASS- ის აღმასრულებელი დირექტორის, სერგეი მიხაილოვის თქმით, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც მათთვის, ასევე რუსული მედია ბაზრისთვის. მისი განცხადებით, აქამდე Reuters Connect-ის პლატფორმაზე რუსეთის არცერთი მედია არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.

მიხაილოვი ამტკიცებს, რომ კრემლისტურ მედიასთან თანამშრომლობით Reuters-ის მკითხველი მიიღებს "ობიექტურ და საიმედო" ინფორმაციას. მისივე თქმით, Reuters-ის სურვილი მათთან ითანამშრომლოს, ხაზს უსვამს მათ "რეპუტაციას".

"ახალი ამბები რუსეთიდან დღეს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალური ინფორმაციის დღის წესრიგში, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ იგი მაქსიმალურად ობიექტურად და საიმედოდ იყოს წარმოდგენილი. ჩვენი სააგენტოს პარტნიორად შერჩევა ხაზს უსვამს TASS- ს რეპუტაციას, როგორც განსაკუთრებულად გადამოწმებული ამბების წყარო. მოხარული ვართ, რომ Reuters-თან ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა", — განაცხადა მიხაილოვმა.

TASS რუსული ოფიციალური სამთავრობო მედიაა, რომელსაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საუკუნოვანი ისტორია აქვს. გამოცემას სათავე ჯერ კიდევ მეფის რუსეთში 1904 წელს დაედო, შემდგომში ის საბჭოთა კავშირის იდეებს ავრცელებდა, ბოლოს რამდენიმე ათწლეული კი კრემლის დავალებების შემსრულებელია. წლების განმავლობაში გამოცემას სახელი არაერთხელ შეეცვალა, თუმცა არ შეუცვლია სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მთლიანად სახელისუფლებო ინტერესების გატარებას გულისხმობს.

TASS - აბრევიატურაა რუსულიდან, რაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სააგენტოს გულისხმობს (ეს სახელი ჰქვია 1925 წლიდან). გამოცემის განმარტებით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ სახელი შეინარჩუნეს "ისტორიისადმი პატივისცემის ნიშნად". TASS-ის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტიც. სახელისუფლებო მედიის "განსაკუთრებული როლის" ხაზგასასმელად 2013 წელს ვლადიmერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას TASS-ის 110 წლის იუბილეს აღნიშვნის შესახებ.

TASS-ის ანგარიშზეა საბჭოთა კავშირის დროინდელი პოსტერები სახელად "ფანჯრები", რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კომუნისტურ პროპაგანდას ავრცელებდა და რომლითაც გამოცემა დღემდე ამაყობს და მას ლეგენდარულ პროექტს უწოდებს.

კრემლისტური გამოცემის ინფორმაციით, მათ მსოფლიოს მასშტაბით 2 000-მდე თანამშრომელი ჰყავთ, რომლებიც 60 ქვეყნის 63 ოფისში ოპერირებენ. მათივე თქმით, ყოველწლიურად 1 500-მდე ახალ ამბავს და 500-ზე მეტ ფოტო-ვიდეო სიუჟეტს ავრცელებენ, რომელიც მათი მტკიცებით, მიმდინარე მოვლენებზე ობიექტურ სურათს იძლევა. თუმცა, TASS არაერთხელ მოხვდა გავლენიან საერთაშორისო გამოცემებში როგორც პროპაგანდის გამავრცელებელი მედია.