ლონდონის კინგსის კოლეჯის მკვლევართა გუნდის მიხედვით, იბუპროფენი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო საშუალება და ტკივილგამაყუჩებელია, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სუნთქვის პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. მედიკამენტის გამოსაცდელად კი კვლევები მიმდინარეობს.

კვლევაში მონაწილე პაციენტები მკურნალობის ჩვეულ მეთოდებთან ერთად დამატებით იბუპროფენსაც მიიღებენ. თუმცა, კვლევაში გამოყენებული იბუპროფენი ჩვეულებრივი ტაბლეტებისგან განსხვავებით განსაკუთრებულად იქნება ფორმულირებული.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მან, შესაძლოა, კორონავირუსის ერთ-ერთი რთული ფორმა — მწვავე რესპირატორული დისტრესი განკურნოს.

"იმისთვის, რომ ვნახოთ ემთხვევა თუ არა მტკიცებულებები ჩვენს მოლოდინებს, საჭიროა კვლევის ჩატარება", — განაცხადა ლონდონის კინგსის კოლეჯის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა მითიუ მეთამ.

პანდემიის დასაწყისში იბუპროფენთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობდა — მიიჩნევდნენ, რომ მისი მიღება ვირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის ცუდ შედეგებს გამოიწვევდა.

ეს მოსაზრება საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის განცხადების შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა. მისი თქმით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა, ისეთი როგორიც იბუპროფენია, შესაძლოა, ინფექცია გაართულონ. პაციენტებს კი სანაცვლოდ პარაცეტამოლის მიღებას ურჩევდნენ.

Commission on Human Medicines-ის მიმოხილვის მიხედვით კი, კორონავირუსით ინფიცირების დროს, იბუპროფენის მიღება პარაცეტამოლის მსგავსად, უსაფრთხოა. ორივე მედიკამენტს ტემპერატურის დაწევა და გრიპის სიმპტომებთან ბრძოლა შეუძლია.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური კი ხალხს ურჩევს, რომ მსუბუქი სიმპტომების დროს თავდაპირველად პარაცეტამოლი სცადონ, რადგან იგი იბუპროფენთან შედარებით ნაკლებ გვერდით ეფექტს იწვევს და ადამიანთა უმეტესობისთვის უფრო უსაფრთხო არჩევანია.