თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარისთვის უტენდეროდ შეძენილ ძვირადღირებულ, ბრენდულ საათებზე თქვა, რომ ტენდერს "[ნიკა] მელიასა და [ზვიად] ციკოლიას შორის ვერ ჩაატარებდა". რუსთავი 2-თან, ღამის კურიერში ინტერვიუსას მანვე განმარტა, რომ ჯარის საათი თითო $165 ჯდება და "თუ ეს ვინმეს ენანება, ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს მათ ნამუსზე იყოს".

"ეს იყო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში. სასაჩუქრე საათები არის ძალიან მიღებული ფორმა ნებისმიერ ჯარში, თუნდაც ჩვენს ჯარში. ნაცმოძრაობის დროსაც ათასობით საათია შეძენილი. ცნობილი დიზაინერი, ბატონი ზვიად ციკოლია, მე ვთხოვე მას, რომ კიდევ ერთხელ შეექმნა ჯარისთვის ბრენდირებული საათი, რომელსაც აწერია "თავდაცვის ძალები". 165 დოლარი ჯდება თითო საათი. თუ ეს ვინმეს ენანება, ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს მათ ნამუსზე იყოს.

ვის შორის ჩამეტარებინა ტენდერი, ციკოლიასა და მელიას შორის? რომელიც იდიოტივით გამოდის და თუთიყუშივით ლაპარაკობს ერთსა და იმავეს, თუ რომელი პოლიტიკოსია საათების დიზაინერი? ციკოლია ვიცით და მას დავუკვეთეთ პირდაპირ. საუბარია 83 ათას დოლარზე", — ამბობს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათებზე ჟურნალისტური გამოძიება რადიო თავისუფლებამ მოამზადა. მათივე ცნობით, 12 მარტს თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გააფორმა 83 190 დოლარის მაჯის საათების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას შექმნილ 500 ცალ საათს ყიდულობს, თითოს 166 დოლარად (545 ლარი).

ჟურნალისტურ გამოძიებაში, ასევე, საუბარია იმაზეც რომ თავდაცვის მინისტრის პირადი მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ღარიბაშვილისა და მისი ცოლის საათების ფასი კი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.