თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის ძვირადღირებულ მაჯის საათებზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს და ამბობს, რომ "პოლიტიკაში ქუჩიდან არ მისულა". რუსთავი 2-ზე, ღამის კურიერთან ინტერვიუში მინისტრი განმარტავს, რომ როცა პოლიტიკიდან წავიდა, ბოლო ორ წელში ნახევარი მილიონი ჰქონდა შემოსავალი, კონსულტაციების გზით თუ კერძო კომპანიებში ჩართულობით, პოლიტიკაში შესვლამდე კი ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა:

"მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან, პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მაღალ თანამდებობაზე და მქონდა მაღალი შემოსავლები, განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ".

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ იყო დეკლარირებული მისი საათები, ღარიბაშვილმა იმით უპასუხა, რომ მისი შემოსავლები იყო დეკლარირებული. ღარიბაშვილმა, ასევე, ისაუბრა ჯარისთვის უტენდეროდ შეძენილ ბრენდულ საათებზეც:

"ეს იყო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, სასაჩუქრე საათები, რომელიც არის ძალიან მიღებული ფორმა, ნებისმიერ ჯარში, თუნდაც ჩვენს ჯარში. ნაცმოძრაობის დროსაც ათასობით საათია შეძენილი. ცნობილი დიზაინერი, ბატონი ზვიად ციკოლია, მე ვთხოვე მას, რომ კიდევ ერთხელ შეექმნა ჯარისთვის ბრენდირებული საათი, რომელსაც აწერია "თავდაცვის ძალები". 165 დოლარი ჯდება თითო საათი. თუ ეს ვინმეს ენანება, ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს მათ ნამუსზე იყოს.

ვის შორის ჩამეტარებინა ტენდერი, ციკოლიასა და მელიას შორის? რომელიც იდიოტივით გამოდის და თუთიყუშივით ლაპარაკობს ერთსა და იმავეს, თუ რომელი პოლიტიკოსია საათების დიზაინერი? ციკოლია ვიცით და მას დავუკვეთეთ პირდაპირ. საუბარია 83 ათას დოლარზე".

ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათებზე ჟურნალისტური გამოძიება რადიო თავისუფლებამ მოამზადა. მათი ცნობებით, თავდაცვის მინისტრის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ღარიბაშვილისა და მისი ცოლის საათების ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.