ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF მომხმარებელს ახალ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ასევე თანამშრომლობს პროექტთან ჩართე და მომსახურების ღირებულების 40%-ს გადასცემს მათი ბენეფიციარებისათვის ლეპტოპების შესაძენად.

LEAF გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მიიღოთ კონსულტაცია და დახმარება მსოფლიოს საუკეთესო MBA პროგრამებზე ჩასარიცხად ამერიკისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. მომსახურების შესახებ დეტალები შეგიძლიათ იხილოთ LEAF-ის ვებგვერდზე. ყველაზე მაღალრეიტინგულ MBA პროგრამებზე მოხვედრა ნიშნავს უზარმაზარი კონკურენციის დაძლევას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის პროფესიონალის გამოცდილებისა და რჩევების გათვალისწინებას სააპლიკაციო პროცესის ყველა ასპექტში. ამ შესაძლებლობის გამოყენების საუკეთესო დრო შეიძლება სწორედ ახლა იყოს. წარმოგიდგენთ პროგრამის ხელმძღვანელის, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის MBA კანდიდატის, საერთაშორისო ბიზნესის მართვის ექვსწლიანი გამოცდილების მქონე ჯაბა შალამბერიძის მოსაზრებას.

ფოტო: LEAF


"ქართველებისთვის განათლება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა საზღვარგარეთ ქართველი სტუდენტების რიცხვი. არის მრავალი დონორული პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის, ბაკალავრის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, სადაც დაფინანსების მისაღებად ყოველ წელს ათასობით ქართველი სტუდენტი გადის გასაუბრების და ტესტირების რამდენიმე რაუნდს. როგორც წესი, ეს პროგრამები სრულად ფარავენ სწავლის და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ხარჯს. პროგრამის დასრულების შემდეგ ეს სტუდენტები ვალდებულნი არიან, დაბრუნდნენ საქართველოში.

ასევე არის კონტიგენტი სტუდენტებისა, რომლებიც თავიანთი ფინანსური პასუხისმგებლობით მიდიან ამერიკის და ევროპის მოწინავე სკოლებში. იხდიან სწავლის ფულს და იღებენ საკმაოდ დიდ სესხს იმ იმედით, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ შეძენილი ცოდნით და მინიჭებული პრესტიჟული ხარისხით, შეძლებენ სესხების გასტუმრებას. მაგრამ სესხების გასტუმრება რთულდება, როდესაც მოულოდნელად სამუშაო ბაზარი 25%-ით იკუმშება (სწორედ ასეთ გათვლას აკეთებს საინვესტიციო ბანკი გოლდმენ საქსი).

ამ ერთი შეხედვით ისტორიულად რთული სიტუაციის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ პასუხი ზემოთ დასმულ შეკითხვაზე სწავლაში ინვესტიციის ჩადებასთან დაკავშირებით არის კი! ჩემი მოსაზრების ასახსნელად, ილუსტრაციისთვის ავიღებ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პროგრამას, MBA-ს.

სამუშაო ბაზარი გაჯანსაღდება. დღევანდელი ეკონომიკური შოკი დროებითია და კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან ერთად ეკონომიკა დაიწყებს გახსნას. შესაბამისად, სამუშაო ბაზარიც გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი, მაგრამ ლოგიკურია იმის ვარაუდი, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებული იქნება 2021 წლის მეორე ნახევარში. ანუ MBA სტუდენტი, რომელიც წელს ან მომავალ წელს დაიწყებს სწავლას და შესაბამისად, 2022 ან 2023 წელს დაამთავრებს პროგრამას, ზაფხულში შეუერთდება ჯანსაღ სამუშაო ბაზარს.

ყველა ინდუსტრია ერთნაირად არ დაზიანდა, მიუხედავათ იმისა, რომ, ზოგადად, სამუშაო ბაზარმა დარტყმა მიიღო, რიგ ინდუსტრიებში არ მომხდარა მკვეთრი შემცირება. მეტიც, ზოგი ინდუსტრია მსგავსი ეკონომიკური კრიზისების დროს აძლიერებს რეკრუტინგს, რადგან ისინი ემზადებიან ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ბიზნესის რესტრუქტურიზაციისთვის. ესენი არიან საინვესტიციო ბანკები, კერძო კაპიტალის და მენეჯმენტ საკონსულტაციო ფირმები. ამ ინდუსტრიის კომპანიები ყოველ წელს MBA სტუდენტების ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან. ამ სამ ინდუსტრიას ასევე ემატება ტექ-კომპანიები, რომლებმაც შედარებით კარგად შეძლეს ადაპტირება და ჩვეულებისამებრ აგრძელებენ სტაჟირებებისა და სამუშაო ხელშეკრულებების გაცემას. ასევე მოსალოდნელია უფრო დიდი ინვესტიციები ფარმა და სამედიცინო ინდუსტრიაში, როგორც დიდი კომპანიებში, ასევე ახალ სტარტაპებში.

უნივერსიტეტები მზად არიან, დაეხმარონ სტუდენტებს. უნივერსიტეტების ადმინისტრაციები იხილავენ თითოეული სტუდენტის ფინანსურ მდგომარეობას და შესაბამისად აძლევენ სწავლის ხარჯების კონკრეტული ნაწილის დაფინანსებას. კორონავირუსის მიერ გამოწვეული გაუთვალისწინებელი ფინანსური სიდუხჭირის გამო, იზრდება უნივერსიტეტების მიერ გაცემული დაფინანსებების ოდენობა. განსაკუთრებით დიდი ბიუჯეტის მქონე უნივერსიტეტები, რომელთაც აქვთ სარეზერვო ბალანსები, შეძლებისდაგვარად ცდილობენ რომ არცერთი კარგი კანდიდატი არ დარჩეს პროგრამის გარეთ ფინანსური მიზეზების გამო.

შეიძლება, ეს იდეალური დრო იყოს, რომ დროებით გამოვეთიშოთ სამუშაო ბაზარს. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, კორონავირუსის ვაქცინა შემდეგი წლის დასაწყისში იქნება. ვაქცინის ქვეყნებზე გადანაწილება, ადმინისტრირება და შემდგომ სტანდარტების დაცვა დროს მოითხოვს. ეკონომიკა უფრო ნელი ტემპებით მიჰყვება სამედიცინო პროგრესს. ამ პერიოდში, შეზღუდული იქნება კომპანიებში ახალი კადრების აყვანა, შიდა დაწინაურებები, ფინანსური თუ არაფინანსური წახალისებები. ანუ არ იქნება პროფესიული განვითარებისთვის ხელისშემწყობი გარემო. უხეშად რომ დავითვალოთ, სამაგისტრო პროგრამების ნამდვილი ხარჯი: ის უდრის სწავლის საფასურს დამატებული ის თანხა, რასაც გამოვიმუშავებდით იგივე პერიოდში რომ გვემუშავა და არ დაგვეთმო დრო სწავლისთვის. ამას ე.წ. შესაძლებლობის ხარჯი ეწოდება. რაც უფრო არასახარბიელო სამუშაო ბაზარია, მით უფრო დაბალია შესაძლებლობის ხარჯი. ამიტომ, შეგვიძლია ვიმედოვნოთ რომ ეს პერიოდი ყველაზე ხელსაყრელია საკუთარ განათლებაში ინვესტირებისთვის და მომავლისთვის მომზადებისთვის."

ჩართეს შესახებ

ჩართე საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი და ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. 1 900-ზე მეტი ადამიანის შემოწირულობის წყალობით უკვე 700-მდე მოსწავლეა ჩართული.

ბენეფიციართა უმეტესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.

ინტერნეტისა და კომპიუტერის გარდა, მოსწავლეები იღებენ წვდომას ჩართეს პარტნიორების ონლაინ რესურსებსა და პლატფორმაზე (მათ შეუძლიათ, უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას და ა.შ.). ჩართეს გუნდი მოსწავლეებს უტარებს ტრენინგს მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში და უწევს მუდმივ ტექნოლოგიურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას.