ფორმულა ერთის 2020 წლის სეზონი ავსტრიაში ივლისში დაიწყება. ქვეყანა რბოლებს ზედიზედ, 5 და 12 ივლისს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ფორმულა 1-მა სამშაბათს განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო შეფერხების მიუხედავად სეზონს გახსნის. მას შემდეგ, რაც ორი რბოლა ავსტრიაში ჩატარდება, ტურნირი უნგრეთში გადაინაცვლებს, სადაც რბოლა 19 ივლისს გაიმართება, ხოლო აგვისტოს დასაწყიში ბრიტანეთში. 2020 წლის ჩემპიონატის რბოლები ესპანეთში, ბელგიასა და იტალიაშიც გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, რვავე რბოლა მაყურებლის გარეშე ჩატარდება და შეჯიბრზე უსაფრთხოების ნორმები მკაცრად იქნება დაცული.

ფორმულა 1-მა განაცხადა, რომ დეტალურ კალენდარს, სავარაუდოდ, უახლოესი კვირების განმავლობაში წარადგენს. დეკემბერში, სეზონის დასრულებამდე სულ 15-18 რბოლა იქნება დაგეგმილი.

2020 წლის ფორმულა ერთის ჩემპიონატი 15 მარტს ავსტრალიაში უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო პირველივე სავარჯიშო რობოლის დროს შეჯიბრი გადაიდო.

Motorsport-ის მმართველმა ორგანომ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გასულ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ის 10 გუნდი შეიზღუდა, რომ მაქსიმუმ 80 კაცი იყოს თითოეულში.