იზოლაციაში გატარებული ბოლო კვირების განმავლობაში სატელევიზიო შოუების მოყვარულებმა ლამის ყველა ახალი სერიალი ნახეს, ამავდროულად კი საყვარელი შოუების გადამეორებაც მოასწრეს.

შესაბამისად, ყველა განსაკუთრებულად ელოდება ახალ პროექტებს, რათა თავისუფალ დროს სასუსნავებთან ერთად დროის გასაყვანი სანახაობა არ მოაკლდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მრავალ პროექტზე მუშაობა შეჩერდა ან დაგეგმილი პრემიერის თარიღები გადაიდო, ამ სტატიაში იმ რამდენიმე განსაკუთრებულად საინტერესო სერიალს მოვუყარეთ თავი, რომლებიც ამ ზაფხულს პირველად იხილავენ მზის სინათლეს ან ახალი სეზონებით დაბრუნდებიან ეკრანებზე.

1. I May Destroy You

HBO თავის ერთგულ მაყურებლებს მუდმივად ანებივრებს საინტერესო პროექტებით და გამონაკლისი არც ამ სეზონზე იქნება: ახალი ამბიციური შოუს პროდიუსერი, სცენარისტი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი — მიკაელა კოენი ტრეილერიდანვე გვპირდება, რომ წინ საკმაოდ პროვოკაციული, ამავდროულად კი ემოციური და სახალისო სანახაობა გველოდება.

პრემიერის თარიღი: 7 ივნისი

2. Love, Victor

Hulu-ს ეს ახალი შოუ განსაკუთრებით თინეიჯერული სერიალების მოყვარულებს დააინტერესებთ: ის 2018 წელს გამოსული ფილმის Love, Simon-ის სპინოფია და მოზარდების ცხოვრებისა და ყოველდღიური პრობლემების შესახებ მოგვითხრობს.

პრემიერის თარიღი: 19 ივნისი

3. The Politician

გასულ წელს შედგა რაიან მერფის ახალი სერიალის პრემიერა, რომელმაც თავისი პოლიტიკური სიუჟეტითა და კომიკური ელემენტებით მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. ნეტფლიქსზე მაყურებლები სულ მალე ახალ სეზონსაც იხილავენ.

სერიალში ისეთი ცნობილი სახეები თამაშობენ, როგორებიც არიან ჯესიკა ლენგი, გვინეტ პელტროუ და ბენ პლატი.

პრემიერის თარიღი: 19 ივნისი

4. Perry Mason

დეტექტივების მოყვარულებს HBO ახალ კრიმინალურ სერიალს შესთავაზებს, რომელიც 1959 წელს გამოსული ამავე სახელწოდების ცნობილი სატელევიზიო შოუს რიმეიქია. ამ ახალ პროექტზე Westworld-ის ერთ-ერთი სცენარისტი და პროდიუსერი, რონ ფიცჯერალდი მუშაობდა, მთავარ როლს კი The Americans-ის მსახიობი, მეთიუ რიზი ასრულებს.

პრემიერის თარიღი: 21 ივნისი

5. The Twilight Zone

The Twilight Zone-ის პირველი სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგა და მართალია, იმ მაყურებლებისგან, რომელთაც 1959 წელს გამოსული როდ სერლინგის ამავე სახელწოდების გახმაურებული სატელევიზიო შოუ უნახავთ, დადებითი შეფასებები ვერ დაიმსახურა, მაგრამ მათ, ვისაც უყვართ სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, თრილერი და საშინელებათა ჟანრი, მაინც უნდა მისცენ მეორე შანსი Get Out-ისა და Us-ის შემოქმედის, ჯორდან პილის ამ საინტერესო პროექტის მეორე სეზონს.

პრემიერის თარიღი: 25 ივნისი

6. I’ll Be Gone in the Dark

წელს ნეტფლიქსის დოკუმენტურმა სერიალმა Tiger King მილიონობით მაყურებლის დაინტერესება გამოიწვია ამ ნაკლებად პოპულარული ჟანრის მიმართ. HBO კი მალე გახმაურებული წიგნის მიხედვით გადაღებულ ახალ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს, რომელიც სერიული მკვლელობებისა და გაუპატიურებების შემთხვევების შესახებ მოგვითხრობს.

შესაბამისად, მათ, ვისაც რეალურ ამბებზე დაფუძნებული დაუჯერებელი ისტორიები გიყვართ, ეს შოუ არ უნდა გამოგრჩეთ.

პრემიერის თარიღი: 28 ივნისი.

7. Brave New World

1932 წელს ოლდოს ჰაქსლის მიერ გამოქვეყნებული რომანი საოცარი ახალი სამყარო იმასთან ერთად, რომ გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ტექსტად ითვლება, ამავდროულად ხშირად ყველაზე ზუსტ ლიტერატურულ წინასწარმეტყველებადაც მიიჩნევენ.

რამდენიმე კინოეკრანიზაციასთან ერთად წიგნის გამოსვლიდან თითქმის 90 წლის შემდეგ მისი მიხედვით სერიალიც გადაიღეს, რომლის შემქმნელის, დევიდ ვაინერის განცხადებით "წიგნში წამოჭრილი იდეები და თემები ყოველი ახალ თაობაში კიდევ უფრო რელევანტური ხდება".

პრემიერის თარიღი: 15 ივლისი

8. The Umbrella Academy

ჯერჯერობით ტრეილერი არ გამოსულა, თუმცა ორი კვირის წინ საყვარელმა მსახიობებმა ამ სახალისო ვიდეოთი დააანონსეს, რომ ნეტფლიქსის ეს ცნობილი შოუ მეორე სეზონით ამ ზაფხულს ბრუნდება. შესაბამისად, სულ მალე გავიგებთ, თუ როგორ გაგრძელდება ლუთერის, ალისონის, დიეგოს, კლაუსისა და ვანიას ჯადოსნური ისტორია.

პრემიერის თარიღი: 31 ივლისი

9. The Good Lord Bird

Before ფილმების ტრილოგიაში (Before Sunrise, Before Sunset და Before Midnight) შესრულებული რომანტიკული როლის შემდეგ ერთგულ მაყურებლებს ამერიკელი მსახიობის, ითან ჰოუკის ხილვა ახალ ისტორიულ დრამაში შეეძლებათ, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნებული ცნობილი რომანის The Good Lord Bird მიხედვით გადაიღეს.

პრემიერის თარიღი: 9 აგვისტო

10. Lovecraft Country

ეს სერიალი არა მხოლოდ ამ ზაფხულს, არამედ მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილ ახალ სატელევიზიო შოუების პრემიერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი პროექტი ჩანს, რომელიც საშინელებათა ჟანრისა და სოციალური პრობლემების ნაზავით ემოციურ და საინტერესო სანახაობას გვპირდება.

პრემიერის თარიღი: ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მის ხილვას, დიდი ალბათობით, აგვისტოში შევძლებთ