საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, კახეთში მდებარე სასტუმრო ყვარლის ედემის მფლობელებმა და დირექტორმა მმართველ პარტიას 65,000 ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისფან საკარანტინე სივრცის მოწყობუსთვის გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300-ლარიანი კონტრაქტი მიიღეს.

ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ და ამისთვის სასტუმრომ 2 თვის ვადით 45 ნომერი უნდა გამოყოს.

TI მიიჩნევს, რომ ეს კონტრაქტი კითხვის ნიშნებს აჩენს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასტუმროს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მანამდეც ჰქონდა, თუმცა 2013-2019 წლებში წამში 400,000 ლარის ღირებულების და ერთი კონტრაქტით ამ წლებში არასდროს მიუღიათ 76,000 ლარზე მეტი.

ყვარლის ედემის 50%-იანი წილის მფლობელი კომპანია "ზიმო" ქართული ოცნების შემომწირველი აქამდეც იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ შეგროვებული ინფორმაციით, კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 100,000 ლარი შესწირეს. ქართული ოცნებისთვის ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც:

  • მიმდინარე წლის 20 მარტს შპს "ზიმოს" დირექტორმა და წილის მფლობელმა, ზურაბ კიკნაძემ ქართულ ოცნებას 25,000 ლარი შესწირა. 2019 წლის მაისში კი — 60,000 ლარი;
  • კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს "ქართულ ოცნებას" ჯამში 13,000 ლარი შესწირა;
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს ქართულ ოცნებას 5,000 ლარი შეწირა.
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს მმართველ პარტიას 17,000 ლარი შესწირა, 2019 წლის მარტში კი — 10,000 ლარი;

მმართველ პარტიას 20 მარტს 5,000 ლარი შესწირა ყვარლის ედემის დირექტორმაც, ალექსანდრე. TI-ს ინფორმაციით, ამ სასტუმროსთან დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია "ზიმოს" კი, რომელიც წილების ნახევარს ფლობს, 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.

აღსანიშნავია ისიც, რომორგანიზაციის ინფორმაციით, "ზიმო" აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებდა — 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია "ზიმოს" შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა.

"მმართველი პოლიტიკური პარტიის მსხვილი შემომწირველების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღება კორუფციის მხრივ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. ასეთ შემთხვევებში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ცხადად გაწერონ ობიექტური კრიტერიუმები, თუ როგორ არჩევენ პოტენციურ მიმწოდებლებს. სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ", — ამბობენ ორგანიზაციაში.

TI მიუთითებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოწყობა დაიწყო დ ამ მიზნით ათობით სასტუმროსთან გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტები გააფორმა. ორგანიზაცია ამჯერად სწორედ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს აკვირდება, მათ შორის სწავლობს სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების გარემოებებს.