ანტარქტიდა, ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე, ახლა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილადაც მიიჩნევა, სადაც ვირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რეგიონი COVID-19-ის გავრცელების დიდი რისკის ქვეშ მაშინ აღმოჩნდა, როცა სეზონის ბოლო საკრუიზო გემებზე დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა თვითონ ვირუსს ანტარქტიდის ყინულოვან ნაპირებამდე არ მიუღწევია. და რადგან ახლა იქ მკაცრი ზამთარია და კონტინენტი მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, ეს მაჩვენებელი, წესით, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდას მუდმივი მოსახლეები არ ჰყავს — თუკი, რასაკვირველია, უამრავ პინგვინს, ვეშაპს, სელაპს და ალბატროსს არ ჩავთვლით — კონტინენტის ნაპირებიდან 80 კილომეტრამდე არსებულ ბაზებში დაახლოებით 5 ათასი ადამიანი, მეტწილად მეცნიერები და მკვლევრები არიან დაბინავებულნი.

ერთ-ერთი მათგანი კერი ნელსონია, რომელიც ანტარქტიდაზე აშშ-ის სადგურთაგან ყველაზე ჩრდილოეთით, ენვერსის კუნძულზე მდებარე პალმერის სადგურის უფროსი კოორდინატორია.

ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია, სადაც ახალ კორონავირუსს არ მიუღწევია.

ფოტო: Antarctica New Zealand

"ნამდვილად არ მგონია, ჩვენთან ვინმე იყოს, ვინც მადლიერი არაა, რომ აქ უსაფრთხოდ იმყოფება", — წერს CNN-ისთვის გაგზავნილ იმეილში ნელსონი, — "ზოგიერთი მზადაა, უკან, სახლში დაბრუნდეს, რათა ახლობლებს დაეხმაროს ან სხვაგვარად გამოადგეს საზოგადოებას ასეთ რთულ პერიოდში. თუმცა, ყოველი ჩვენგანი ძალიან აფასებს, რომ ახლა იმ ადგილზე ცხოვრობს, სადაც ეს დაავადება (და მისი თანმხლები შეზღუდვები) არ არსებობს".

მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ისინი შორს არიან პანდემიისგან, რომელსაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე "რთული კრიზისი" უწოდა, ნელსონი და მისი კოლეგები მუდმივად ადევნებენ თვალს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

"რაც შემიძლია, ყველაფერს ვეცნობი არსებული სიტუაციის დინამიკის შესახებ", — დასძენს ნელსონი, რომელიც კონტინენტზე ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე 2007 წლიდან მუშაობს, — "ვფიქრობ, ჩემი, როგორც რიგითი ადამიანის, ვალია, რომ მოწმე ვიყო ყოველივესი, რაც მსოფლიოში ხდება".

29 წლის შოტლანდიელი, რობერტ ტეილორი როთერას კვლევით სადგურზე იმყოფება, რომელიც ბრიტანული ანტარქტიკული კვლევის (BAS) ბაზაა და ანტარქტიკის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, ადელეიდის კუნძულზე მდებარეობს. იგი საველე გიდად მუშაობს და მისი მოვალეობა მკვლევარი კოლეგებისთვის დახმარების გაწევაა, რათა ყველა სახის საველე სამუშაო და მოგზაურობა უსაფრთხოდ წარიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოში არსებულ კრიზისს დასაწყისიდანვე ადევნებდა თვალს, პანდემიისგან ასე შორს ყოფნის გამო მას ამ მდგომარეობის სიმძიმის ბოლომდე გააზრება გაუჭირდა.

ფოტო: Keri Nelson

"მახსოვს, როგორ გავრცელდა იანვრის დასაწყისში ახალი ამბები ჩინეთიდან", — ამბობს ტეილორი, რომელიც ანტარქტიდაზე ექვსი თვის წინ ჩავიდა, — "შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა ვფიქრობდი, რომ ეს უმნიშვნელო რაღაც და, ამასთან, ძალიან შორს იყო, ამიტომ მე არ შემეხებოდა. რაც ამ ამბებმა მედია მთლიანად მოიცვა, მეც ნელ-ნელა ყველაფერი გავიაზრე".

იმის მიუხედავად, რომ ტეილორი ოჯახზე, განსაკუთრებით კი ბებიაზე ღელავს, მისი თქმით, ზოგჯერ რთულია, იმ ყველაფერთან დააკავშირო საკუთარი თავი, რაც ახლა ხდება. "ეს მთვარეზე ყოფნას ჰგავს, როცა დედამიწას ზემოდან დაჰყურებ", — ამბობს იგი, — "ვხედავთ, რაც ხდება, თუმცა მოვლენები მაინც ძალიან შორს ვითარდება".

გავლენა ტურიზმზე

ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც არქტიკული კრუიზებით მოგზაურობა მეტად პოპულარული გახდა, ანტარქტიდაზე ტურიზმი აყვავდა.

ანტარქტიდის ტურების ოპერატორთა საერთაშორისო ასოციაციის, IAATO-ს მონაცემებით, 2018-2019 წლების სეზონზე კონტინენტს დაახლოებით 56,168 მოგზაური ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 40 პროცენტით მეტია.

ამავდროულად, რამდენიმე მილიონი დოლარი მოხმარდა მაკმარდოს სადგურს, რომელიც კონტინენტზე აშშ-ის მთავარი ბაზაა, და მის მახლობლად მდებარე სკოტის სადგურს, რომელიც ახალი ზელანდიის ანტარქტიკული კვლევითი ცენტრია. ამ თანხებით გაუმჯობესდა კვლევითი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სამეცნიერო ლაბორატორიები და საცხოვრებელი შენობები.

2019-2020 წლების სეზონზე, რომელიც, ჩვეულებრივ, ნოემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება, 78,500 ტურისტს ელოდნენ. თუმცა სადგურებზე ტურისტების ვიზიტებზე შეზღუდვები წლის დასაწყისშივე დაწესდა — მაშინვე, როგორც კი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელება დაიწყო. მოგვიანებით კი რეგიონი კარანტინში მოექცა და ყველა ტურისტული ვიზიტი გაუქმდა.

ანტარქტიდაზე 2019-2020 წლების სეზონზე დაახლოებით 78 500 ტურისტს ელოდნენ.

ფოტო: Keri Nelson

ეს ზომები იმის პარალელურად მიიღეს, რაც კონტინენტი საგანგაშოდ სარისკო სიტუაციებში რამდენჯერმე აღმოჩნდა; მათ შორის იყო შემთხვევა, როცა იმ ანტარქტიკული საკრუიზო გემიდან გახდა ტურისტების ევაკუაცია საჭირო, რომლის მგზავრთა თითქმის 60 პროცენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნელსონი, რომელიც ხშირად უწევს პალმერის სადგურზე ვიზიტებს კოორდინირებას, აცხადებს, რომ კვლევითმა სადგურმა გასულ წელს ათასობით ადამიანს უმასპინძლა, თუმცა ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რიცხვმა ამ სეზონზე დაიკლო.

"როგორც წესი, რამდენიმე გემი ჩერდება ხოლმე სადგურზე ტურებისთვის და ჩვენც ვსტუმრობთ ხოლმე მოზრდილ გემებს ლექციებისა და სხვა სასწავლო აქტივობების ჩასატარებლად", — გვიხსნის იგი, — "მაგრამ იანვრის ბოლოს, როცა მოვლენებმა განვითარება იწყეს, შევზღუდეთ ტურისტების ვიზიტები და აღარც ჩვენ მივდიოდით დიდ გემებზე. ამდენად, ამ სეზონზე პალმერის სადგურს ბევრად ნაკლები სტუმარი ჰყავდა".

რთული სათქმელია, რა გავლენას მოახდენს ანტარქტიდის ტურისტული ინდუსტრიის მომავალზე ახლანდელი მდგომარეობა. აქ ვიზიტორების რიცხვი ისედაც ყოველთვის შეზღუდულია, რათა თეთრი კონტინენტის სუფთა გარემო შენარჩუნდეს. IAATO-ს ტურ-ოპერატორებს კონტინენტზე იმ ხომალდების გაგზავნა ეკრძალებათ, რომლებზეც 500 მგზავრზე მეტი იმყოფება. ამავდროულად, ისინი ერთმანეთთან კოორდინირებულად მუშაობენ, რათა ანტარქტიდის ცალკეულ ნავსადგურს ერთდროულად ერთ გემზე მეტი არასოდეს მიადგეს.

იზოლაციასთან გამკლავება

ნელსონი ამბობს, რომ პანდემიის გამო ამ სეზონზე ნაკლები ადამიანი ეწვია პალმერის სადგურს.

ფოტო: Keri Nelson

სანამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს თვეებში, პალმერისა და კონტინენტზე არსებულ სხვა სადგურებზე — მათ შორის, ამუნდსენ-სკოტის სამხრეთ პოლარულ სადგურზე, სადაც ვიზიტორების რიცხვი ბევრად მეტი არის ხოლმე — აქტიურად მუშაობენ იმაში დასარწმუნებლად, რომ მომდევნო სეზონისთვის ყველაფერი რიგზე იქნება.

რაც შეეხება როთერას, აქ ტურისტები ისედაც ძალიან იშვიათად ხვდებიან, ამდენად ადამიანთა რაოდენობის მხრივ სიტუაცია სადგურზე დიდად არ შეცვლილა. ამის მიუხედავად, ტეილორი, რომელსაც ბაზაზე მოწყობილობების მწყობრში შენარჩუნება ავალია, აღნიშნავს, რომ პერსონალის სახლში ტრანსპორტირების პროცესი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

"ჩვეულებრივ, ფრენა პუნტა-არენასამდე (ჩილეს ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი) ხორციელდებოდა Dash-7 ლაინერით, რომელსაც BAS უწევს ოპერირებას. ამის შემდეგ კი მგზავრობა სხვა კომერციული ავიახაზებით გრძელდებოდა", — ხსნის იგი, — "ახლა კი ხომალდი, RRS JCR, BAS-ის პერსონალს ბოლო რეისით წაიყვანს ფოლკლენდის კუნძულებზე, სადაც ისინი გადასხდებიან სამგზავრო გემზე, Hebridean Sky, რომელიც BAS-მა ამ პერიოდში იქირავა. ამდენად, გაერთიანებულ სამეფოში დასაბრუნებელი გზა დაგრძელდა".

თუმცა ივნისიდან მოყოლებული მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში სადგურზე პერსონალი უცვლელი დარჩება, რადგან ამ პერიოდში კონტინენტთაშორისი მიმოსვლა სრულიად წყდება.

ნელსონი პალმერის სადგურზე გადასვლამდე მაკმუნდოს და სამხრეთ პოლუსის სადგურებზე მუშაობდა. მის ამჟამინდელ ბაზაზე კი სულ ოცი ადამიანი სახლობს. 45 წლის მკვლევარი, რომელიც თავის ანტარქტიდულ გამოცდილებას საკუთარი ინსტაგრამის ანგარიშზე, Simply Antarctica, გვიზიარებს, აღიარებს, რომ იზოლაცია მაშინაც რთული იყო, სანამ კორონავირუსის გამო ვიზიტორებზე შეზღუდვები დაწესდებოდა.

იგი ამ ყველაფერს ისევე უმკლავდება, როგორც არაერთი ადამიანი ანტარქტიდის გარეთ, კარანტინში ყოფნისას. "ვცდილობ, თავი ახალ-ახალი პროექტებით შევიქციო", — ამბობს იგი, — "და იმ დროსაც ვიხსენებ, როცა, ამ გადმოსახედიდან, ფუფუნებაში ვცხოვრობდი".

დიდებული თავისუფლება

ყველაზე სამხრეთით მდებარე კონტინენტი ახლა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნევა.

ფოტო: Alexey Kudenko / Sputnik / AP

მიუხედავად იზოლაციასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, ნელსონი იმ ადგილასაა ჩარჩენილი, სადაც უიშვიათესი ველური გარემო და მომაჯადოებელი ბუნებრივი სილამაზეა. "ყველაზე მთავარი ისაა, რომ ანტარქტიდის ეს მხარე თვალწარმტაცია", — აღნიშნავს მკვლევარი, — "ამდენად, საერთოდ არაა რთული, ასეთი მშვენიერების მქონე ადგილს შეეგუო".

თუმცა, იგი აღიარებს, რომ დანაშაულის გრძნობა ტანჯავს, რადგან ასეთ რთულ პერიოდში ახლობელი ადამიანებისგან ასე შორს იმყოფება. "ძალიან უცნაურია, ფიზიკურად სამყაროს ბოლოში იყო მაშინ, როცა, თავდაპირველად მაინც, ზოგიერთი შიშობდა, რომ სამყაროს დასასრულს ვუყურებდით (ან ჩვენთვის ნაცნობი სამყაროს დასასრულს მაინც)", — ხსნის იგი, — "ზოგჯერ თავს სამყაროსგან მოწყვეტილად და ცოტათი დამნაშავედ ვგრძნობ, რომ სახლში არ ვარ... არც კი ვიცი, რისთვის. დასახმარებლად? საერთო გასაჭირთან სხვათა მხარდამხარ გასამკლავებლად? ყველა ჩვენგანმა იცის, რომ იქ ყოფნით ვერაფერს შევცვლიდით, თუმცა მაინც გვაწუხებს დანაშაულის გრძნობა".

მას შემდეგ, რაც საკუთარ სამუშაოს 18 თვე გადაბმულად შესწირა და დღესასწაულებიც კი ოჯახის და მეგობრებისგან შორს გაატარა, ტეილორი ახლა იმის გააზრებითაა ცოტათი შეცბუნებული, რომ დღეს იგი მათთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება.

"რთული გასაანალიზებელია, რომ უფრო მეტი თავისუფლება გაქვს, ვიდრე მაშინ გექნებოდა, სახლში რომ დარჩენილიყავი", — ამბობს იგი, — "ცხოვრება და სამუშაო აქ ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. გაგვიმართლა, რომ ჩვენ ორივეს თავისუფლად გაგრძელების საშუალება გვაქვს".

ცხოვრება კორონავირუსის შემდეგ

მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ამჟამად ანტარქტიდაზე იმყოფებიან, იმაზე ბევრად განსხვავებულ რეალობას დაუბრუნდებიან, ვიდრე გამგზავრებისას იყო.

ფოტო: Keri Nelson

ტეილორი, წესით, 2021 წლის აპრილში უნდა დაბრუნდეს სახლში, მაგრამ იგი აღნიშნავს, რომ სანამ გაერთიანებულ სამეფოში წასვლაზე ზუსტ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, უნდა დაელოდოს, "როგორ განვითარდება მოვლენები".

"ამბობენ, ანტარქტიდაზე გატარებული ერთი სეზონიც გცვლისო", — აღნიშნავს იგი, — "თუმცა ახლა მხოლოდ იმაზე მეფიქრება, დანარჩენი მსოფლიო ჩვენზე მეტად ხომ არ შეიცვლება. ჩვენ, ფაქტობრივად, ისე გავაგრძელებთ აქ ყოფნას, თითქოს კორონავირუსის პანდემია არც მომხდარა. აქ სპორტული ცენტრი, მუსიკის ოთახი, ბიბლიოთეკა და კინოდარბაზი გვაქვს; ანუ ყველაფერი ის, რასაც აქამდე ვერ ვაფასებდით და რასაც სახლში მყოფთა უმეტესობა ახლა მოკლებულია".

ამ დამოკიდებულებას ნელსონიც იზიარებს, რომელსაც კონტინენტი წესით აპრილის დასაწყისში უნდა დაეტოვებინა, თუმცა დროის გახანგრძლივება იქამდე მოუწევს, სანამ "ზამთრის სეზონისთვის დამხმარე ეკიპაჟი ჩამოვა".

როცა ნელსონი, ტეილორი და სხვები სახლებში დაბრუნდებიან, მათ სრულიად შეცვლილი მსოფლიო დახვდებათ. მათ მოუწევთ, მოერგონ ცხოვრების ახალ სტილს, რომელსაც მხოლოდ შორიდან აკვირდებოდნენ. მათ ისეთ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, რაღაცებზე შეიძლება მოუხდეთ უარის თქმა, როგორებითაც ანტარქტიდაზე უპრობლემოდ სარგებლობდნენ.

"ხანდახან თავს ისე ვგრძნობ, თითქოს უბრალოდ არტეფაქტი ვიყო", — ამბობს ნელსონი, — "ექო, რომელიც ჯერ კიდევ იმ სივრცეში იმყოფება, რეალურად რომ აღარ არსებობს. ჩვენ კვლავ სურვილისამებრ და ყოველგვარი შიშის გარეშე შეგვიძლია სოციალიზაცია. შეგვიძლია, ხელი ხელში ჩავარტყათ; ერთმანეთს მაშინ გადავეხვიოთ, როცა მოგვინდება; გვერდიგვერდ დავსხდეთ და სხვა. ჩვენ შიში არ შეგვიპყრობს, ვინმე თუ დაახველებს. ძალიან მადლიერი ვარ ამისი და ვცდილობ, დავაფასო ის მცირე დრო, რაც დარჩენილი გვაქვს იქამდე, სანამ რეალურ არსებობას დავუბრუნდებით.

"თუმცა, ამავდროულად, მეტად სევდიანია, რომ ეს პატარ-პატარა ცხოვრებისეული დეტალები ახლა ასეთი გამორჩეულნი გახდნენ. და როცა აქაურობას დავტოვებთ, უკან მოვიტოვებთ ყველაფერ ამასაც. ვცდილობ, საკუთარი გონება ვაიძულო, დაიმახსოვროს, რა გრძნობაა ეს, რათა მოგვიანებით არ დამავიწყდეს, როგორია თავისუფლების და უსაფრთხოების განცდა".