პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის, საჭიროა "უფრო რაციონალური" ჯარიმების შემოტანა და ახალი ზომების განსაზღვრა. მანვე დაამატა, რომ ამ ზომებით, შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურად უნდა მიეცეთ საშუალება დარღვევებზე რეაგირებისთვის.

დღეს, პირველი ივნისის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს დაავალა, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და მოკლე დროში შეიმუშავონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ამ წესების ადმინისტრირებას:

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საჯაროდ ისაუბრა, რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც მოქალაქეები არ იცავენ იმ წესებსა და რეკომენდაციებს, რაც მოწოდებულია ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან. [...] საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა მაღალი ჯარიმები დაწესებული, რაც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური გამოყენებისთვის. საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, და საჭიროა ახალი ზომების განსაზღვრა იმისათვის, რომ შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურად მიეცეთ საშუალება, ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. ჯარიმები უნდა იყოს გონივრული, ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და ამავე დროს, მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს".