მუზეუმი შემოქმედების ყველაზე დიდი საცავია. ესაა ადგილი, სადაც წარსული და აწმყო ერთიანდება, სადაც მსოფლიო კულტურის ნაწილი ხდები ან უბრალოდ, დროს სასიამოვნოდ ატარებ და სამყაროს შესახებ უფრო მეტს იგებ. მუზეუმში სიარულის კულტურა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ბავშვობიდან ყალიბდება. სამუზეუმო ექსპონატები პატარებში განსაკუთრებულ ინტერესს და აღფრთოვანებას იწვევს. მათთვის მუზეუმი მითების და ლეგენდების გაცოცხლების ადგილია, რადგან ის, რაც მოუსმენიათ ან გაუგიათ, ამ სივრცეში ხელშესახები ხდება — ხედავენ, როგორ ეცვათ ძველ დროში, როგორ ცხოვრობდნენ, რა ნივთებს იყენებდნენ, როგორი იყო მათი ყოველდღიურობა.

სამწუხაროდ, პანდემიამ მშობლებსა და შვილებს მუზეუმებსა და გამოფენებზე სტუმრობის შესაძლებლობა შეუზღუდა. დღეს ყველა მუზეუმის კარი დახურულია და მათი თანამშრომლები მოუთმენლად ელიან დამთვალიერებლების დაბრუნებას.

სანამ გამოფენებზე სიარულს ისევ შევძლებთ, მანამდე, ამ სტატიაში მხიარული თავგადასავლების მუზეუმზე — ონლაინ აქტივობების ნაკრებზე მოგიყვებით, რომელიც საქართველოში პირველად შეიქმნა და ეროვნული მუზეუმის 5 განსხვავებულ თემატიკას აერთიანებს. მისი საშუალებით კი მითების თუ რეალური პერსონაჟების გაცოცხლებას და წაკითხული ისტორიების რეალობად გადაქცევას შეძლებთ.

მუზეუმები ბავშვებისთვის შიდაიზოლაციის შესამსუბუქებლად

ფოტო: თიბისი

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის სიცოცხლის პირველი ხუთი წელი ის დროა, როცა ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება. ამ პერიოდში კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს და მშობლებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა რაც შეიძლება ნაყოფიერი იყოს. პატარა ასაკში ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ, უნდათ ყველაფერს გაეცნონ, შეეხონ, გასინჯონ, გაიგონ, როგორაა მოწყობილი სამყარო. მშობლებს კი შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებით შეუძლიათ სახალისოდ ასწავლონ ისეთი რაღაცები, რაც შვილებს მთელი ცხოვრება გამოადგებათ. აქტივობები თამაშს, გადაწყვეტილების მიღებას, ექსპერიმენტების ჩატარებას, ფიქრს და შემოქმედებითი უნარების განვითარებას მოიცავს. თუმცა მშობლებისთვის რთულია, რომ ყოველ ჯერზე ახალ-ახალი გასართობი მოიფიქრონ, ბავშვები დააინტერესონ და პროცესიც მოსაწყენი არ გახდეს.

ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ პანდემიის დროს გამოჩნდა, როცა მანამდე დაკავებული მშობლებიც სახლში შვილების პირისპირ აღმოჩნდნენ და მიხვდნენ, რომ არ იცოდნენ რითი ჩაენაცვლებინათ ციფრული მოწყობილობები და ონლაინ თამაშები.

ამ მხრივ მშობლებს საუკეთესო დახმარება მუზეუმებმა გაუწიეს. მსოფლიოს არაერთმა ცნობილმა საგამოფენო სივრცემ გადაწყვიტა, რომ სახლში ყოფნის პერიოდში თავიანთი პატარა თუ დიდი სტუმრებისთვის ონლაინ გამოფენები მოეწყოთ და სახალისო, შემეცნებითი აქტივობები შეეთავაზებინათ.

ლივერპულის ეროვნული მუზეუმი

ლივერპულის ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში გადაწყვიტეს, 4-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის პროექტი "ჩემი სახლი ჩემი მუზეუმია" შეეთავაზებინათ. ინიციატივა ბავშვებს თავიანთი ნამუშევრების გამოფენას ან ისეთი სივრცის შექმნას სთავაზობს, რომელშიც ბავშვების შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები განთავსდება.

მუზეუმმა ბავშვებს ჰკითხა: "რა გსურს, ხალხმა შენზე იცოდეს?" "რა არის ის მნიშვნელოვანი ნივთი შენს სახლში, რომელიც გულთან ახლოს მოდის?" "ვის დახატავდი?" — სათამაშოები, გამორჩეული ტანსაცმელი, სუვენირები არდადეგებიდან, საყვარელი ტედი დათვი ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც შეიძლება ხელოვნების ნიმუშებად გამოდგეს, — ამბობენ ლივერპულის მუზეუმში. როგორც კი ეროვნული მუზეუმები გაიხსნება, მოკლე სიაში მოხვედრილი ავტორები შეძლებენ, სპეციალურ ციფრულ სივრცეში გამოფენა მოაწყონ.

დასავლეთ ჩეშირის მუზეუმი

დასავლეთ ჩეშირის მუზეუმებმა თავის კოლექციაზე უფასო წვდომის გახსნის გარდა საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროექტიც წამოიწყო. ვებსაიტზე ნახავთ უფასო საბავშვო აქტივობებს, სკოლის მხარდამჭერ პროექტსა და გამოფენების შესახებ ინფორმაციას. შემოთავაზებები საკმაოდ მრავალფეროვანია:

შექმენი შენი ჩესტერის ქალაქის მაკეტი — კვირაობით ბავშვებს საშუალება ექნებათ ჩამოტვირთონ და გააფერადონ ჩესტერის ისტორიული შენობები.

ყოველ კვირას ახალი აქტივობა ბავშვებისთვის — ერთფეროვნება სახლშიც საკმარისია. მუზეუმმა გადაწყვიტა ბავშვებს დინოზავრების ნიღბების გაფერადება და აწყობა, მოდური ტანსაცმელის დიზაინის შექმნა, ქაღალდის თეფშისგან ბაჭიის ქუდის გაკეთება თუ სხვა სახალისო თამაში შესთავაზოს.

ზრდასრულებისთვის ქსოვის და კერვის პროექტები, სკოლებისთვის ფილმებზე წვდომა, წინა გამოფენებიდან ფოტომასალა, ეს აქტივობების არასრული ჩამონათვალია.

იმისთვის, რომ მსგავსი პროექტები ქართველი ბავშვებისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი, თიბისიმ ეროვნულ მუზეუმთან და სტუდია ილუსტრატორთან ერთად მხიარული თავგადასავლების მუზეუმი შექმნა.

თიბისი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი

თიბისი ეროვნულ მუზეუმთან დიდი ხანია თანამშრომლობს. ამჯერად მათი მიზანი ახალი თაობისთვის მუზეუმის სივრცეში დაცული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გზით გაცნობა იყო. სწორედ ასე შეიქმნა საბავშვო აქტივობების ნაკრები, რომელიც მხიარული თავგადასავლების სამყაროში შეგახედებთ.

თიბისისთვის ეს პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ამჯერადაც მთავარი მიზანი ბავშვებისა და მშობლებისთვის ცხოვრების გამარტივება იყო — სურდათ, პატარებისთვის ყველაფერი ადვილად გასაგები და გასაკეთებელი ყოფილიყო. ამ ყველაფერში თიბისის სტუდია ილუსტრატორი დაეხმარა, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე გეტყვით, რომ ნაკრები რამდენიმე შემოქმედებით სავარჯიშოს აერთიანებს, რომლებიც თემატურად მუზეუმში დაცულ კოლექციებს, ექსპონატებსა და ისტორიებს უკავშირდება. ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია:

  • სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების გამოფენა;
  • სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენილი ხალიჩა და ფარდაგი;
  • შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები;
  • მითი არგონავტების შესახებ;
  • სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული მძივი ავგაროზი.

ეროვნული მუზეუმის განათლების დეპარტამენტის სპეციალისტი, ნინო ბაქანიძე გვიყვება, რომ პანდემიის გამო მუზეუმმა ონლაინ ტურების ჩატარება დაიწყო, ამას გარდა ბავშვებისთვის Zoom ლექციებიც ჩაინიშნა. ამ ლექციებზე ნებისმიერ მსურველ ჯგუფს თუ კლასს შეუძლია დარეგისტრირება და მუზეუმის სპეციალისტებისგან სასურველ თემაზე მრავალფეროვანი ინფორმაციის მოსმენა. მიუხედავად ამ ინიციატივებისა, ნინო ამბობს, რომ თიბისის გარეშე საკუთარი ხარჯებით მსგავს პროექტს ვერ გაწვდებოდნენ.

"იგივე პროექტი მუზეუმს თავისი ძალებით ნამდვილად გაუჭირდებოდა, მუზეუმს სულ აქვს სხვდასხვა აქტივობა, მაგრამ ასეთი მასშტაბური, საინტერესო, მრავალფეროვანი და ლამაზი, ალბათ, არ გამოგვივიდოდა, რომ არა თიბისის მხარდაჭერა და ილუსტრატორი გოგოები, რომლებმაც პროექტზე იმუშავეს", — გვეუბნება ის.

მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მხიარულ თავგადასავლებში მოგზაურობის შემდეგ მალე დადგება დრო, როცა პატარებიც და დიდებიც მუზეუმის საგამოფენო სივრცეებსაც ეწვევიან.

მანამდე კი გეტყვით, რომ ზემოთ ჩამოთვლილ თემებს ილუსტრატორებმა სხვადასხვა აქტივობები შეუსაბამეს, მაგალითად: არგონავტებზე — ქაღალდის თეატრი, ქართველი მხატვრების ნამუშევრებზე — სტენსილი, ეთნოგრაფიულ თემატიკაზე — ქსოვა, ბიომრავალფეროვნებაზე — სამგანზომილებიანი წიგნი, ხოლო ავგაროზებზე — თიხით ძერწვა.

ნაკრები თითოეულ ექსპონატზე ისტორიას გვიყვება, თან ბავშვებისთვის საინტერესო ილუსტრაციებს გვაჩვენებს, საბოლოოდ კი ნახავთ მაგალითებსა და ინსტრუქციებს, როგორ შეგიძლიათ გააცოცხლოთ ის, რაც წაიკითხეთ.

თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერი მაშო სამადაშვილი გვიყვება, რომ საბავშვო აქტივობების ნაკრების შექმნისას მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხის გადაკვეთა იყო: პირველი — შემეცნება, რომელსაც ნაკრებში შესული ტექსტები უზრუნველყოფს, მეორე — ფანტაზია და შთაგონება, რომელთა განვითარებაზეც ფერადი ილუსტრაციები იზრუნებენ, ხოლო მესამე — აღმოჩენა, საკუთარი ხელით სამუზეუმო ექსპონატების შექმნა.

"საბავშვო აქტივობების ნაკრები ძალიან არასტანდარტული გზაა იმისათვის, რომ ამ პერიოდში სახლში მყოფი ადამიანები მივიყვანოთ მუზეუმში და მუზეუმი მოვიყვანოთ მათთან. მე შემიძლია სახლში ვიჯდე შვილთან ერთად და სამუზეუმო ექსპონატი შევქმნა, თან არ დავკარგო კავშირი იმ საგანძურთან, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბითაა დაცული", — გვეუბნება მაშო.

მხიარული თაგადასავლების მუზეუმი ზუსტად ერგება თიბისის ახალ მესიჯს — აქ და ახლა, რომელიც კონკრეტულ მომენტში რამდენიმე განზომილების გაერთიანებას გულისხმობს. მუზეუმი თავის თავშიც სხვადასხვა ეპოქას და ისტორიას აერთიანებს, ამ ნაკრების შექმნით კი თიბისიმ სცადა, დაეპატარავებინა დრო და მანძილი, რომელიც შიდაიზოლაციის დროს დამთვალიერებლებს საგამოფენო სივრცეებთან აშორებს.

სანამ საბავშვო აქტივობებზე მოგიყვებით გეტყვით, რომ მასში მოგზაურობა ნებისმიერ თქვეგნას, უფასოდ, უბრალოდ ონლაინ ნაკრების ჩამოტვირთვით შეუძლია.

მხიარული თავგადასავლების მუზეუმი

ფოტო: თიბისი

როგორც უკვე გითხარით ეს სახალისო, საინტერესო, შემოქმედებითი და ქართულ რეალობაში პირველი ნაკრები ეროვნული მუზეუმის, თიბისისა და სტუდია ილუსტრატორის ერთობლივი შრომის შედეგია. პროექტის მთავარი მიზანი მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატებისა და აკადემიური მასალის ბავშვისთვის მარტივად აღსაქმელად, გასაგებად და სახალისოდ "გადმოთარგმნა" იყო.

ილუსტრატორებმა ეკა ტაბლიაშვილმა და თათია ნადარეიშვილმა სტუდია ილუსტრატორი სამი წლის წინ შექმნეს. თათაც და ეკაც წლებია ბავშვებს და მოზარდებს ილუსტრაციების შექმნას ასწავლიან, უკითხავენ წიგნებს, სთავაზობენ სახალისო აქტივობებს, ასე რომ, მათთვის თიბისის შემოთავაზება ამ მხრივ რთული არ ყოფილა, თუმცა რთული იყო სიმარტივე.

"ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ თუნდაც სამგანზომილებიანი წიგნი, რომელსაც ზრდასრული ადამიანი გააკეთებს, მაგრამ მთავარი ამოცანა იყო, ყოფილიყო ის ერთდროულად ლამაზიც და მარტივიც — თანაც, ბავშვი რომ შეხედავდა, არ ეფიქრა, რომ ამას ვერ გააკეთებდა", — გვიყვებიან ისინი.

ფოტო: თიბისი

ეკას და თათიას გამოცდილება აჩვენებს, რომ ბავშვისთვის სულ სხვა რამაა უბრალოდ დასვა და უთხრა, "მოდი რაიმე დავხატოთ" და სულ სხვა — "მოდი ილუსტრირებული წიგნი დავათვალიეროთ, წავიკითხოთ". სწორედ ესაა მათთვის ინსპირაციის წყარო.

ფოტო: თიბისი

თათიას პროექტზე მუშაობისას მთავარი მრჩეველი და დამხმარე სწორედ პატარა შვილი — კოსტა იყო. თათია გვიყვება, რომ ხშირად აკვირდებოდა, რას აქცევდა ყურადღებას ბავშვი და რა იყო მისთვის საინტერესო. კოსტას დახმარებით მან იცოდა, რისი დათვალიერება უფრო მოსწონთ ბავშვებს მუზეუმში, შესაბამისად, პროექტისთვის საჭირო ხუთი თემატიკაც უამრავი ვარიანტიდან შედარებით მარტივად ამოარჩიეს.

ილუსტრატორები გვიყვებიან, რომ მხიარული თავგადასავლების მუზეუმი დაახლოებით 6-დან 10-წლამდე ბავშვებისთვისაა. პატარები, სავარაუდოდ, აქტივობების დამოუკიდებლად გაკეთებას ვერ შეძლებენ, თუმცა თათიაც და ეკაც აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მშობლის მხრიდან დახმარებაზე მეტად მნიშვნელოვანი შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობაა.

თათია ამბობს, რომ კარანტინი კარგი მაგალითი აღმოჩნდა იმის დასანახად, რომ მშობლებს შვილებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო სჭირდებათ. ეს პროექტი კი საშუალებას მისცემთ, გაიგონ რა ფერები მოსწონთ შვილებს, რა საკითხები აინტერესებთ უფრო მეტად და როგორია მათი ინტერესები.

ფოტო: თიბისი

"მშობლის და ბავშვის დახარჯული დრო ერთად იმდენად მცირეა, რომ სულ ერთი საათი რომ გავატაროთ ჩვენ შვილებთან, ის ერთი საათი უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს. მე საკუთარი მაგალითიდანაც ვიცი და ჩვენი სტუდიიდან გამომდინარეც, რამდენად სიამოვნებთ ბავშვებს, როცა მშობელი გვერდით ჰყავთ და ერთად აკეთებენ რაღაცას", — გვეუბნება თათია.

არ იფიქროთ, რომ აქტივობების ნაკრები მშობლებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება — შეიძლება ისეთი ხელობის გახსენება დაგჭირდეთ, რაც პატარაობის შემდეგ აღარ გიცდიათ. ასე მოხდა ეკას შემთხვევაშიც — მას ქსოვის გახსენება მოუწია.

ფოტო: თიბისი

"ბავშვობაში ხალიჩების ქსოვა ვისწავლე. მაგრამ იმის მერე არაფერი მომიქსოვია. ეს იყო ახალი რამ. მახსოვდა, რომ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა გობელენების კეთება და აკადემიურად ვსწავლობდი ქსოვას. ახლა კი ამის მარტივი ხერხები მოვძებნე", — ამბობს ეკა.

ფოტო: თიბისი

საქართველოში მუზეუმების და კოლექციების უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი, ამის გამო შეიძლება ბევრმა პატარამ ვერ მოახერხოს მათი ნახვა. სამაგიეროდ, მხიარული თავგადასავლების მუზეუმის უპირატესობა ისაა, რომ მასში "მოგზაურობა" ყველა ბავშვს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს შეუძლია.

"პროექტის ასეთმა სახემ შესაძლებელი გახადა, რომ ის, მაგალითად, სვანეთში ჩამოტვირთოს ვინმემ და გაერთოს. ჩვენი გეგმაც ეს იყო — არ გამოგვეყენებინა ისეთი მასალა, რომელსაც სახლში ბავშვი ვერ მოიძიებს. სარეცხი ღრუბელი, ფეხსაცმლის ყუთი, ნარჩენი ძაფები, ისეთი რაღაცები, რისი შოვნაც არ გაუჭირდებათ და ყველა ბავშვს ექნება წვდომა", — გვეუბნება თათია.

ფოტო: თიბისი

გამომდინარე იქიდან, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ბავშვებისთვის პირდაპირ არდადეგები გადაება, ეს საინტერესო ნაკრები ზაფხულის ნაყოფიერად გატარებაშიც დაგეხმარებათ. მას შედეგ, რაც ყველა მათგანს ცდით, შეგიძლიათ ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე ახალ-ახალი ნიმუშები მოძებნოთ და იმავე ტექნიკით გააცოცხლოთ, როგორსაც საბავშვო აქტივობების ნაკრები გასწავლით. ასე რომ, დროა, მხიარულ თავგადასავლებში თქვენც ჩაერთოთ, აქ და ახლა.