თუ სიმაღლის შიში არ გაქვს და ექსტრემალური შეგრძნებებიც გიზიდავს, მალე თბილისში ახალი ატრაქციონი შენთვის გაიხსნება. ივლისიდან ადგილობრივები და ტურისტები საჰაერო ბურთით მოგზაურობას და თბილისის იმ წერტილიდან დანახვას შეძლებენ, საიდანაც მხოლოდ ჩიტები უყურებენ.

საჰაერო ბურთი ქალაქის ცენტრში, კერძოდ — რიყის პარკში განთავსდება. ატრაქციონის გახსნა ივლისში იგეგმება და ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ატრაქციონის მფლობელმა დავით კოპაძემ გვითხრა, ეს პირველი საჰაერო ბურთია თბილისში. საჰაერო ბურთების დიდი ნაწილი, მაგალითად კაპადოკიის ცნობილი ატრაქციონი, ჰაერის გაცხელების სისტემით დაფრინავენ, თბილისის საჰაერო ბურთი კი ეკომეგობრული იქნება და განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით იფუნქციონირებს:

"ჩვენი ატრაქციონი სრულიად განსხვავებულია. გათბობის სისტემის ნაცვლად გამოიყენება ჰელიუმი, რომელითაც ივსება საჰაერო ბურთი და ამასთან, უზრუნველყოფს 100%-იან უსაფრთხოებას".

საჰაერო ბურთები კაპადოკიაში, თურქეთი.

ფოტო: MarBom / Alamy Stock Photo

ატრაქციონს აღჭურვილობით ცნობილი ფრანგული კომპანია, Aerophile უზრუნველყოფს. ორგანიზატორების განცხადებით, დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა სტანდარტი და ასევე, გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციებიც:

"ჩვენი პილოტები სასწავლო ტრენინგებს საფრანგეთში გადიან და აქვთ ყველა საჭირო ლიცენზია. ჩვენ ქართული კომპანია ვართ, თუმცა ჩვენი პარტნიორები საფრანგეთიდან არიან".

უზარმაზარი საჰაერო ბურთი თავისუფალი ტრაექტორიის ნაცვლად, ვერტიკალურად, 150 მეტრის სიმაღლეზე იფრენს, გონდოლაზე ჯამში 30 ადამიანი განთავსდება, ფრენა კი 15 წუთს გაგრძელდება. ორგანიზატორის თქმით, "10-სართულიანი შენობის ზომის საჰაერო ბურთი შთამბეჭდავი იქნება".

ბურთი ფრენის მაქსიმალური სიმაღლის მიღწევისას 45-სართულიან შენობას გაუტოლდება:

"ჩიტის ფრენის სიმაღლიდან იქნება შესაძლებელი ჩვენი ლამაზი ქალაქის დანახვა, რაც გულგრილს არც ჩვენს ტურისტებს და არც ჩვენს მოქალაქეებს დატოვებს. ამ სიმაღლიდან ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქალაქის განსაცვიფრებელი სილამაზით დატკბობას".

ფოტო: Air Balloon Tbilisi

ასაკობრივი შეზღუდვა საჰაერო ბურთზე არ იქნება. ბავშვებს ატრაქციონით სარგებლობა მშობლების თანხლებით შეეძლებათ. საქართველოს მოქალაქეებისათის ფასი 35 ლარი იქნება, ხოლო ტურისტებისთვის — 50 ლარი

თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საჰაერო ბურთის გაშვება იგეგმება, თუმცა ორგანიზატორები მომავალი წლიდან საქართველოს სხვა ქალაქებსაც განიხილავენ.