სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის საფრთხე გაიზარდა. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობა იწვევს.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, კარანტინის რეჟიმი და იზოლაცია დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

"პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვაში და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არსებული რისკებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ეფექტური სისტემით უნდა სარგებლობდნენ", — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ვირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები და პრევენციული ღონისძიებები ბავშვებს მათთვის გასაგები და თვალსაჩინო ფორმით მიაწოდონ. ის აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებსა და მაღალმთიან ადგილებში მცხოვრები არასრულწლოვნებისთვის ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხს.

ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესაბამისად, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პასუხისმგებელმა უწყებებმა პრევენციული ღონისძიებები უნდა გააძლიერონ და ეფექტური კოორდინაცია უნდა უზრუნველყონ.

"მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც იმყოფებიან არასრულწლოვნები. ბავშვთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, პანდემიის პირობებში, დიდწილად სწორედ მშობლებისა და მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული", — აღნიშნა ომბუდსმენი.

როგორც ლომჯარია ამბობს, ახალი კორონავირუსის ბავშვებზე, განსაკუთრებით კი, ბავშვთა მოწყვლად ჯგუფებზე ზეგავლენის სამწუხარო შედეგებზე ლაპარაკობს არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელი.