იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან. მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ ამ სამ იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოხვდნენ, მოქალაქის პორტალზე my.gov.ge-ზე ჯავშნის სისტემა კვლავ აუცილებელი იქნება.

მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მოხვედრას, ამ სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც.

ასევე, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ყველა სერვისის მიღებისას, იქნება ეს იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები თუ სანოტარო ბიუროები, პირბადე და სხვა ის პირობები, რაც დაგვიდგინა ჯანდაცვის სამინისტრომ როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე მომსვლელი მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება.

"ხუთენოვანი პორტალი my.gov.ge, რომელიც მუშაობს ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი ამ სერვისთან დაკავშირებით და თუკი იქნება ეს სერვისი მოთხოვნადი, პანდემიის დასრულების შემდეგაც ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ეს სერვისი მომავალშიც შევინარჩუნოთ", — განაცხადა წულუკიანმა.