ამერიკული მედიის ინფორმაციით, 29 მაისს თეთრ სახლთან აქციის დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსაფრთხოებისთვის ბუნკერში ჩაიყვანეს. თავდაპირველად ამის შესახებ ცნობები The New York Times-მა გაავრცელა.

როგორც CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, ბუნკერში პრეზიდენტის ცოლი და შვილი, მელანია და ბარონ ტრამპებიც იყვნენ. ოფიციალური უწყებები პრეზიდენტისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების ზომებზე ინფორმაციას არ გასცემს.

მას შემდეგ, რაც თეთრ სახლთან პროტესტი შეწყდა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ასევე, მან მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურებს, რადგან პარასკევის აქციების დროს დაიცვეს.

აშშ-ში უკვე მეექვსე ღამეა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აქციები არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ 40 ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, დემონსტრანტები შეზღუდვას არ ითვალისწინებენ.

ნიუ-იორკში, ჩოკაგოში, ფილადელფიასა და ლოს-ანჯელესში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები და მაღაზიები გადაწვეს.

ეროვნული გვარდია ვაშინგტონსა და 15 შტატში გაააქტიურეს. პირველი ივნისის ღამეს თეთრი სახლის ირგვლივ დემონსტრანტებმა კოცონები დაანთეს და პოლიციას ქვებს ესროდნენ.

მასობრივი არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა კვირას მინეაპოლისში დაკავების დროს პოლიციელმა აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ინტერნეტში გავრცელდა დაკავების ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ხელებშეკრული ჯორჯ ფლოიდი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი დერეკ შოვინი მას კისერზე მუხლს აჭერს. ვიდეო ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო.

"ვერ ვსუნთქავ", "არ მომკლათ" — ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი, როცა პოლიციელი მას კისერზე მუხლს აჭერდა. ამასთან, ვიდეოში ჩანს მეორე პოლიციელიც, რომელიც ფლოიდს არ ეხმარება და არც აღშფოთებულ გამვლელებს აძლევს ახლოს მისვლის უფლებას.

აღნიშნული შემთხვევიდან მალევე დერეკ შოვინი და კიდევ სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე დღეში კი შოვინი ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ფოტო: AP Photo / John Minchillo

ფოტო: AP

ფოტო: Getty Images

ფოტო: Shutterstock

ფოტო: AP