აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის მთავრობა მოძრაობა ანტიფას (ANTIFA) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

ტრამპი მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი აქციების, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, ზოგ ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაზრდაზე პასუხისმგებლობა სწორედ ამ ორგანიზაციას ეკისრება.

"ვულოცავ ჩვენს ეროვნულ გვარდიას შესანიშნავ სამუშაოს, რომელიც გასულ ღამეს, მინეაპოლისში ჩასვლისთანავე ჩაატარეს. ანარქისტები ანტიფას მეთაურობით შევაჩერეთ. მერს ეს პირველივე ღამეს უნდა გაეკეთებინა და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა", — წერს ტრამპი.

ანტიფა მემარცხენე იდეოლოგიის, ატიფაშისტური მოძრაობაა. მათი წარმომადგენლები თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მინეაპოლისში, ატლანტაში, ლოს-ანჯელესში, ფილადელფიაში, პორტლენდსა და ლუისვილში, კომენდანტის საათი გამოცხადდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დემოსნტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებმა სპეცრაზმელებს ქვები დაუშინეს და სამართალდამცავების მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, რასაც მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიები გამოიყენება მოჰყვა. ასევე, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

46 წლის ჯორფ ფლოიდი ორშაბათს, 25 მაისს დაკავების დროს გარდაიცვალა. პოლიცია სურსათის მაღაზიამ გამოიძახა, რადგან მათ განაცხადეს, რომ აფროამერიკელმა ყალბი ფული გამოიყენა.

ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლს აჭერდა. დაკავების მომენტი ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და პროტესტის მიზეზიც გახდა, ჩანს, რომ დაკავებული კისრიდან ფეხის აღებას ითხოვდა, რადგან ვერ სუნთქავდა.

"ვერ ვსუნთქავ", "არ მომკლათ" — ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი, როცა პოლიციელი მას კისერზე მუხლს აჭერდა.