დედოფლისწყაროში კორონავირუსი 1 პირს დაუდასტურდა, რაც კახეთში ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, მარიეტა გონაშვილმა განუცხადა, ინფიცირებულმა მძღოლმა მოსკოვიდან მგზავრი წამოიყვანა, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლისას კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ეს პიროვნება არის ტრაილერის მძღოლი, ჩვენი მკვიდრია, ცხოვრობს ქალაქ დედოფლისწყაროში. მოსკოვში იყო და მოსკოვიდან მოდიოდა. 22-ში არის საქართველოში ჩამოსული. გზად რომ მოდიოდა, ჩვენი რაიონის სოფელ ოზაანის მცხოვრები წამოიყვანა, რომელიც იყო მოსკოვში. როდესაც გადმოკვეთეს საზღვარი, მგზავრი ჩამოსვეს, კარანტინში გადაიყვანეს, გაუკეთეს სწრაფი ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. შემდეგ ჩაუტარდა მეორე ანალიზი უკვე PCR-ზე და იქაც დაუდასტურდა კორონავირუსი ოზაანელ პირს. ტრაილერის მძღოლმა არ იცოდა, რომ ოზაანელს დაუდასტურდა კორონავირუსი, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში", — განაცხადა მარიეტა გონაშვილმა

მისივე ინფორმაციით, მძღოლის ყველა კონტაქტი ცნობილია და ყველა მათგანის ანალიზები გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 783 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, გარდაცვლილი კი 12.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: