პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონრტროლირებადია, მოქალაქეების მხრიდან წესრიგის დაცვა აუცილებელია. მისი თქმით, ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, შეიძლება, სერიოზული აფეთქება მოხდეს.

ამის შესახებ გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც კორონავირუსთან ბრძოლაში პოლიციელების როლს ხაზი გაუსვა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელებას და შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ ეკონომიკურად გააქტიურდნენ და უბრალოდ ელემენტარული შემოსავალი ოჯახში მიიტანონ, ამას პარალელური რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ეს ელემენტარული წესრიგის დაცვაა — დისტანცია, პირბადე და კიდევ ბევრი რამ. ამის შესრულებაც ახლა თქვენზეა.

დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, მეტრო იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს. ეს ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. არ არის ეს რაღაც ფუჭი მოთხოვნა", — განაცხადა გახარიამ.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 783 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, გარდაცვლილი კი 12.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: