დღეს 20:00 საათზე თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი საპატიო სტუმრის, გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმით "როზა ლუქსემბურგი" გაიხსნა.

გერმანელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი მარგარეტე ფონ ტროტა ახალი გერმანული კინოს ერთ-ერთ მთავარ ძალად მოიაზრება და მსოფლიოში ცნობილია, როგორც წამყვანი ფემინისტი კინოხელოვანი. სანამ ფონ ტროტა თავად შექმნიდა ნამუშევრებს, მონაწილეობდა გერმანელი რეჟისორების, რაინერ ვერნერ ფასბინდერისა და ფოლკერ შლონდორფის ფილმებში.
კარიერის მანძილზე ფონ ტროტა თავის ფილმებში შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა: აბორტი, კონტრაცეფცია, ქალების მდგომარეობა საჯარო სამსახურში, გენდერის ტრადიციული აღქმა და სხვა. მისი პერსონაჟი ქალები ძლიერი პროტაგონისტები არიან და თითქმის ყოველთვის უპირისპირდებიან რომელიმე პოლიტიკურ იდეოლოგიას. თავად მარგარეტ ფონ ტროტაც თანატოლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული გერმანიის 1960-იანი წლების მოვლენებში.

აღსანიშნავია, რომ წელს კინოფესტივალის მთავარი თემა პოლიტიკა იქნება, რომელსაც მიეძღვნება სექცია Bios Politikos (პოლიტიკური ცხოვრება). სექციაში გაერთიანებულია როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შერჩეული 10 ფილმი არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ დაძაბულობას, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობას, პოლიტიკის სხვა სფეროებთან გადაკვეთასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება.

პოლიტიკა და კინო ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. პოლიტიკურ რეჟიმს არაერთხელ შეუცვლია კინემატოგრაფიის სტილისტიკა და პირიქით, კინო ხშირად აძლევდა ბიძგს მნიშვნელოვან პოლიტიკური ცვლილებებს. სწორედ უსამართლო იდეოლოგიისა და მიუღებელი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულმა ნამუშევრებმა წარმოშვა არაერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლებმაც თავის მხრივ სრულიად ახალ კინოაზროვნებას დაუდეს საფუძველი.

ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად იქნება პროგრამა ქართული პანორამა, რომელიც 2016 წლის 20 ყველაზე მნიშვნელოვან, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს გააერთიანებს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.