დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების დღეს დადასტურებული 26 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის. მისი განმარტებით, გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი არაა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში გარკვეულად შემთხვევებმა იმატა და მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობის მატება საქართველოშიც იყოს. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ყველა ახალი შემთხვევა კონტროლის ქვეშაა.

"მუშევანი გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში და ველოდებოდით, რომ გვექნებოდა დამატებითი შემთხვევები. ამიტომ, პარასკევს თითქმის სრულად მოსახლეობა გამოვიკვლიეთ და დამატებით 18 შემთხვევა იყო იდენტიფიცრებული. ამავე დროს, საბურთალოს ე.წ. კლასტერი არის ყველა კონტაქტი ინფიცირებულთან და ეს ინფიცირებული გახლდათ ჩვენი კოლეგა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი", — განაცხადა გამყრელიძემ.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 783 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, გარდაცვლილი კი 12.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: