"მეგობრებო და არამეგობრებო, არ მოვიდა დრო რომ დავიწყოთ დიალოგი ადეკვატურ თუ არაადეკვატურ ქართველებთან?" — რიტორიკული კითხვით მიმართა სოციალურ ქსელში საზოგადოებას ოსმა სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ცხურბათმა.

ცხინვალში, დღემდე, სიტყვების —"ქართველისა" და "საქართველოს" ხსენება უმწვავეს გამოხმაურებას იწვევს. მინიშნებასაც კი, ქართველებთან ნებისმიერი სახით შესაძლო კონტაქტზე, გაღიზიანებისა და ემოციების უზარმაზარი ტალღა მოჰყვება ხოლმე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და სტატუსმა, სოციალურ ქსელში უდიდესი კამათი და განხილვა გამოიწვია. სავარაუდოდ, შესაძლო შედეგი კარგად იცოდა თავად ცხურბათმაც და ისიც მოსალოდნელი იყო, რომ ბევრი მას, მინიმუმ, სისულელეების წერაში დასდებდა ბრალს.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი "არაორდინალური" იდეებით ადრეც გამოსულა, რის გამოც არაერთი იერიშიც მოუგერიებია. ასეთ შემთხვევაში, სხვას აუცილებლად უწოდებდნენ მოღალატეს. თუმცა, ცხურბათისათვის მოღალატის დაძახება ოსებისთვის იოლი საქმე არ არის, რადგან 2008 წელს ის, იარაღით ხელში, ცხინვალის მისადგომებთან ქართულ შენაერთებს ებრძოდა. ქართველებთან ნაომარი ხალხი კი, ცხინვალში, საზოგადოების ის ნაწილია, ვინც ყველაზე მეტი პატივისცემით სარგებლობს.

როგორც თავად თემურ ცხურბათი განმარტავს, იგი არ არის არც პრო-რუსული და მითუმეტეს, არც პრო-ქართული იდეების მატარებელი. მისი აზრით, ოსების მომავალი მართლაც დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შენებაშია. ქართველებთან დიალოგსა და ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობასაც სწორედ ამ კონტექსტში ხედავს. იგი ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ "სამხრეთ ოსეთს საზღვრის უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოსთან აქვს, რუსეთთან კი მხოლოდ 12 მეტრის სიგანის გვირაბით არის დაკავშირებული". შესაბამისად, მიიჩნევს, რომ იმ ხალხთან საუბარი, ვის მეზობლად ცხოვრებაც ძალაუნებურად გიწევს, აუცილებელია.

თუმცა, მის პოზიციას საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ჯერჯერობით, მკვეთრად ეწინააღმდეგება და ეს მკაფიოდ გამოჩნდა სოციალურ ქსელში გამართულ პოლემიკაშიც, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ როგორც ცხინვალელი, ისე ვლადიკავკაზელი ოსები. უმეტესობისთვის საქართველო და ქართველები "გამოუსწორებელი აგრესორები" არიან და თანაც, "დამარცხებული აგრესორები", რომლებთანაც საუბარს არც აზრი აქვს და არც არანაირი საჭიროება არსებობს.

პოლემიკამ ისიც გამოაჩინა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ დიალოგსა და ურთიერთობების ნორმალიზებას ემხრობიან და საკუთარი პოზიციების გამოხატვას, ნელ-ნელა, აღარ ერიდებიან. მათი მიზნები და მოტივაცია სხვადასხვაა და ცხინვალის საქართველოს შემადგენლობაში შესაძლო დაბრუნებას თითქმის არავინ განიხილავს, თუმცა მოსაზრებები და არგუმენტაცია მაინც საინტერესოა.

ამ მრავალწლოვან კონფლიქტს არ ჰყავს გამარჯვებული, არიან მხოლოდ დამარცხებულები! წააგო საქართველომ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაკარგა როგორც ტერიტორია, ისე ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ლოიალურობა. წააგო სამხრეთ ოსეთმა, რომელიც შერჩა ნიკარაგუისა და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მიერ აღიარებული სტატუსი, დახურული საზღვრები და არანაირი პერსპექტივა მოსკოვისთვის საჩუქრად თავის ჩაბარების გარდა. დამარცხებულია რუსეთიც, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსი გადამხდელების ხარჯზე აფინანსებს და საკუთარი მომავლისთვის არანაირი მკაფიო გეგმა არ აქვს, გარდა ხალხისთვის დაუსრულებელი ფულის პარვისა და წინაპრების სადიდებელი სიმღერების ფონზე [ამერიკის] სახელმწიფო დეპარტამენტის აგენტების ძებნისა. და კიდევ, სამივე მხარემ დაკარგა უამრავი სიცოცხლე. თუკი რუსეთს დანაკარგი მხოლოდ ჯარისკაცებისა და მოხალისეების სიცოცხლის სახით აქვს, სამხრეთ ოსეთი და საქართველო დაღუპულებს მშვიდობიან მოქალაქეთა შორისაც გლოვობენ

ვლადიკავკაზელი იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი, ვადიმ ბალაევი

თუკი სიტუაციას კარგად ჩავუფიქრდებით, ფაქტია, რომ ომის შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი არავინაა. გამოწვევები გამოწვევებად რჩება და არც პრობლემები გადაწყვეტილა. პირიქით, ძალიან ბევრი მათგანი უფრო და უფრო მწვავდება. ცვალებადი გეოპოლიტიკური თუ ლოკალური ფაქტორების გათვალისწინებით კი, პერსპექტივები ბუნდოვანია.

"რა თქმა უნდა, სამივე მხარეს შეუძლია გააგრძელოს ყოფნა ამ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში, ანდა ეცადოს, როგორმე, ამ ყველაფრიდან ცხვირი ამოყოს. თუმცა, ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც სამხრეთ ოსეთის მკვიდრი მოსახლეობა თავისით არსად არაფერს წყვეტს და უბრალოდ მოსკოვიდან გამოყოფილი ტრანშების ხარჯზე ცხოვრობს, გასაგები მიზეზების გამო არ აქვთ არანაირი მოტივაცია და აუცილებლობა იფიქრონ რაიმე პრობლემის გადაწყვეტაზე. მით უმეტეს, როდესაც 100 პროცენტით რუსეთზე არიან ჩამოკიდებულები და საქართველოზე არანაირად. სიტუაცია შეიძლება შეცვლილიყო ზუსტად იმ მომენტში, თუ სამხრეთ ოსეთი რეალურ დამოუკიდებლობას მიაღწევდა, მათ შორის საგარეო პოლიტიკური კუთხითაც, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ სუბიექტური განწყობაა. დამოუკიდებლობა, რეალურად, ბევრს არც არავის უნდა და უმრავლესობა პრეზიდენტ ბიბილოვთან ერთად ხედავს და მიესალმება მომავალს "ვალოდია ნულევოის" ოფშორული სამეფოს შემადგენლობაში. ამიტომ, ამ ეტაპზე, პირადი და საზოგადოებრივი კონტაქტების შესაძლებლობის გარდა არაფერია დარჩენილი. თუმცა, ეს შესაძლებლობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოსებსა და ქართველებს ყოველთვის მოუწევთ მეზობლობა გეოპოლიტიკის, "ნულოვანი მეფეებისა" თუ საკუთარი სახელმწიფოების დასახელებების მიუხედავად", — ვადიმ ბალაევის კომენტარის მეორე ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო იყო.

ფაქტია, არსებული ვითარება და არც ისე ნათელი პერსპექტივები საზოგადოების გარკვეულ წრეებს ალტერნატიულ გამოსავალზე ფიქრისკენ უკვე უბიძგებს. თუკი რუსეთისთვის ამ რეგიონში არსებული ვითარება რიგითი საკითხთაგანია, ქართველებისა და ოსებისთვის ის მთელი მომავალი განვითარების განმსაზღვრელი და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია.

ობიექტური რეალობა გვაჩვენებს, რომ ცხინვალს, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რუსეთის მიყრუებულ პროვინციად ქცევის პერსპექტივა აქვს. თბილისი კი უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას და განვითარება, სწორედ გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო, მნიშვნელოვნად აქვს შეფერხებული. თუმცა, ჯერჯერობით, სიტუაცია ცხინვალსა და თბილისს შორის უკიდურესად ახლართული, ხოლო პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია.

ცხინვალის პოლიტიკური ელიტა არსებულ სიტუაციაში თავს კომფორტულად გრძნობს. მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა აღარ უწევთ, ხოლო რუსული ფინანსები, რომელიც სოციალურ მდგომარეობას მეტ-ნაკლებად ასტაბილურებს, ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის ხელის მოსათბობადაც კარგ შესაძლებლობებს იძლევა. სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში ისინი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური გავლენების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდებიან. მათი პოლიტიკური იდეოლოგია კი მთლიანად ქართველებთან დაპირისპირებაზეა აგებული — საზოგადოება ქართველებთან მაქსიმალური დისტანცირებისა და მტრობის იდეებით ჰყავთ ნაკვები და დიალოგი მათ გარკვეული მორალური მდგრადობის დაკარგვის საფრთხის წინაშეც აყენებს. შესაბამისად, საქართველო იქაურ პოლიტიკურ ელიტას, ამ ეტაპზე, ვერაფერს შესთავაზებს ისეთს, რაც, მათში, რეალური ინტერესსა და დიალოგისთვის მზადყოფნას გამოიწვევდა.

ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო შეთავაზებები, 2008 წლის ომის ფონზე, ცხინვალში იძულებით გადადგმულ ყალბ ნაბიჯებად აღიქმება, რომლის უკანაც შურისძიების სურვილი იმალება. ამასთან, ქართული პოლიტიკური კლასი ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემატიკითა და ძალაუფლებისთვის ბრძოლით მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის, ანდა ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაციის საკითხებით. აღსანიშნავია ძლიერი პოლიტიკური ლიდერების ნაკლებობაც, რომლებიც პასუხისმგებლობების აღებასა და თუნდაც შიდა დისკუსიისთვის ახალი, არაორდინალური ინიციატივების წარმოჩენას შეძლებდნენ.

დიალოგს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს საზოგადოებაშიც, თბილისშიც და განსაკუთრებით — ცხინვალში. მათი არგუმენტების ერთი ნაწილი, ძირითადად, ემოციურ ფაქტორებს ემყარება, რეალურად კი არსებული სიტუაციის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამწვავების წინაპირობაა. ოსების უმეტესობის "პატრიოტული ნარატივი" თავიდან ბოლომდე ქართველებთან კონფრონტაციაზეა დაფუძნებული.

ემოციურ მომენტებს რომ თავი დავანებოთ, ოსებს, ისევე როგორც ყველას, პირველ რიგში, ორი უმთავრესი საკითხი აწუხებთ — უსაფრთხოება და კეთილდღეობა. საქართველო, დღემდე, მათთვის არც ერთთან ასოცირდება და არც მეორესთან. პირიქით — რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს და რამდენი რუსი ჯარისკაციც არ უნდა იდგეს ცხინვალის გარშემო, წარსულის გამოცდილება და საკუთარი სახლებიდან გამოძევებული ქართველების ფაქტორი, რომლებსაც არც არაფერი დავიწყებიათ და მათი ეთნიკური ნიშნით წმენდაც გაეროსა და სხვა საერთაშორისო აქტორების მიერ არის აღიარებული, განსაზღვრავს ქვეცნობიერ შიშს, რომელიც ყოველთვის გააჩენს კომპლექსებს, კონტაქტების მიუღებლობასა და გარკვეულ აგრესიას ცხინვალის საზოგადოებაში. ეს, რა თქმა უნდა, დიალოგის შესაძლებლობას დიდად ართულებს.

ჩვეულებრივი მოქალაქეები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ინტენსიურად აკვირდებიან, განსაკუთრებით რეფორმებისა და ეკონომიკურ სფეროში, მაგრამ საქართველო არათუ გარღვევასა და სწრაფ პროგრესს აღწევს, არამედ მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირებასაც რთულად უმკლავდება. სოციალური პრობლემები, თბილისში, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და შესაბამისად, ვერც ცხინვალის ოსურ მოსახლეობას სთავაზობს რაიმე განსაკუთრებულს.

თავად თბილისის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ქართულ საზოგადოებაშიც არ არის სრულად გაზიარებული. ბევრი ვერ ხვდება, რატომ იხარჯება ქართული ფინანსები თუნდაც ცხინვალელი პაციენტების უფასო მკურნალობაზე ქართულ კლინიკებში მაშინ, როდესაც ბევრი ქართველისთვის ეს ისევ ხელმიუწვდომელია და ხშირ შემთხვევაში, ნამკურნალები პაციენტებისაგან გაბედულად ნათქვამი "მადლობაც" კი არ ისმის. საზოგადოების ერთი ნაწილი კი იმასაც ფიქრობს, რომ მთავარი როგორმე რუსული ფაქტორის განეიტრალებაა, რის შემდეგაც ცხინვალელებს მარტივად მოუწევთ საკუთარი დამოკიდებულებებისა და განწყობების შეცვლა. რა თქმა უნდა, წარსულის იარებიც არავის ავიწყდება.

ნათელია, რომ ცხინვალში საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ჩინოვნიკები, დიალოგის საჭიროებას საერთოდ არ გრძნობენ. სურვილის ქონის შემთხვევაშიც კი, ამ კუთხით, მათი შესაძლებლობის არეალი უკიდურესად შეზღუდული იქნებოდა, რადგან ისინი სრულფასოვან დამოუკიდებელ აქტორად მოქმედებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს არ ფლობენ.

არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დიალოგისა და საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის მზად არიან, თუკი საქართველო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს და წარსულის ქმედებებისთვის ბოდიშს მოიხდის. თბილისშიც ბევრისგან გაიგებთ, რომ არაფერი აქვს ოსების საწინააღმდეგო, თუ ისინი საქართველოს სასწრაფოდ დაუბრუნდებიან და საკუთარ მიწაზე დევნილების უფლებებს აღადგენენ.

რეალობას თუ გავუსწორებთ თვალს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია და ორივე ეს მიდგომა დიალოგის იდეას ჩანასახშივე სპობს. საქართველოს, ფაქტობრივად, დასაკარგი აღარაფერი აქვს და გაუგებარია რატომ უნდა აღიაროს არსებული სტატუს-კვო. რუსული ჯარით დაცულ და რუსულ ფინანსებზე ჩამოკიდებულ, გამუდმებული ანტიქართული პროპაგანდის ქვეშ მცხოვრებ ცხინვალს კი, ძნელია თბილისთან ერთად ახალი თავგადასავლების ძიების სურვილი გაუჩნდეს.

ერთი შეხედვით, რაიმე სახის კონკრეტული შედეგების მიღწევის გარანტია, თუნდაც საზოგადოებრივი დიალოგის კუთხით, არ არსებობს. ამისათვის საზოგადოებებს შორის არც დიდი სურვილი არსებობს და სურვილის შემთხვევაში, საკომუნიკაციო არხებიც უკიდურესად შეზღუდულია. თუმცა, თუ მოვლენებს ფართო სიბრტყეზე და გრძელვადიანი პერსპექტივით შევხედავთ, აგრეთვე, თუ რეგიონის რუკას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მიუხედავად დღეს არსებული სრული გაუცხოებისა და ერთმანეთს შორის გავლებული რუსული მავთულხლართებისა, წარმოუდგენელია ადრე თუ გვიან კონტაქტები არ შედგეს. საუბარი კი თუნდაც კონკრეტული შედეგების მიღწევის მოლოდინის გარეშე უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ თავად დიალოგი უკვე პირველი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.

ცოტა, მაგრამ ცხინვალში არის ხალხი, ვინც დიალოგის საჭიროებას ნათლად ხედავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიალოგის პროცესში ჩართვით ისინი აჩვენებენ, რომ საკუთარი სათქმელი აქვთ და საქმე მხოლოდ რუსულ-ქართულ დაპირისპირებას არ ეხება. ამასთან, დიალოგი მათთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალებადაც შეიძლება იქცეს.

ქართული საზოგადოებისთვის დიალოგი არის შანსი, ნათლად განმარტოს საკუთარი არამილიტარისტული პოზიცია და ამასთან, სამშვიდობო ინიციატივების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ და ფართოდ გაავრცელოს, ოსური საზოგადოების განწყობები შეაფასოს, კავშირები შეინარჩუნოს და რეალობას არ მოწყდეს.

მუდმივი არაფერია, მით უმეტეს თანამედროვე მსოფლიოში. იცვლება როგორც გარეშე, ისე შიდა ფაქტორები. ფაქტია ისიც, რომ მშვიდობა არის ის ღირებულება, რომელსაც უპირობოდ უსურვებენ საკუთარ თავებს მავთულხლართების ორივე მხარეს. თუმცა, მყარ საფუძველზე დაფუძნებული მშვიდობა არასოდეს დადგება, თუკი დროთა განმავლობაში გარკვეული შეთანხმების მიღწევა არ გახდა შესაძლებელი. მხოლოდ პირდაპირი დიალოგია ის შანსი, რომელიც მხარეებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ გაერკვნენ თუნდაც ურთიერთპრეტენზიებში, რაც კომპრომისების ძიების ინსპირაციად, საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღებისა და მისი უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობადაც შეიძლება იქცეს. ეს კი შესაბამისი გარემო პირობების შექმნის შემთხვევაში, მყარ საფუძველზე მდგარ, მშვიდობიანი თანაცხოვრების შანსებს გააჩენს. გარეშე ძალების აქტიურობამ, დეზინფორმაციამ, უკონტროლო ემოციებმა და ულტიმატუმებით გაჟღენთილმა მონოლოგებმა ორივე მხარეს საკმარისზე მეტი ზიანი მიაყენა.

თუმცა, ეს საკითხიც ბოლომდე არც ერთ მხარეს გააზრებული არ არის და ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დიალოგის დაწყებამდე, დიალოგით დაინტერესებულ პერსონებსა თუ ძალებს, სხვა არაერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორთან ერთად, დიალოგის აუცილებლობის შესახებ დისკუსიების გახსნა ჯერ საკუთარი საზოგადოებების შიგნით უწევთ. იმ საზოგადოებებში, სადაც თუკი ისევ ცხურბათის პოსტის კომენტარებს დავესესხებით, "ერთ ადეკვატურზე ასი "პატრიოტი" მოდის".

შენიშვნა: ლევან ქერდიყოშვილი კონფლიქტების მკვლევარია. მის სტატიებს On.ge მომავალშიც შემოგთავაზებთ.