დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში არც ერთ პაციენტთან, რომელზეც კორონავირუსზე მკურნალობის დროს პლაქვენილს იყენებდნენ, გართულებები არ დაფიქსირებულა.

გამყრელიძემ განმარტა, რომ პლაქვენილი კარგად შესწავლილი პრეპარატია, უბრალოდ კორონავირუსის მკურნალობიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევების შემდეგ დროებით ამოიღო. NCDC-ის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ სხვა კვლევებში მისი უპირატესობაც ჩანს.

"ამ ეტაპზე საქართველოშიც შეჩერდა მისი დანიშვნა, მაგრამ ამ დაავადების მკურნალობა ძირითადად ეტიოლოგიური არ იყო, არც ერთ წამალს დღეს არ აქვს პირდაპირ კორონავირუსულ ინფექციაზე ზემოქმედების უნარი. ამ დაავადების მკურნალობა არის, იყო და რჩება დღეს მხოლოდ სიმპტომური და სინდრომული. ანუ წინა პლანზე არის ტემპერატურის დამწევი საშუალებები, ჟანგბადის მიწოდება, ასევე, რიგი კვლევები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენეს, სხვადასხვა მონოკლონური ანტისხეულები, გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გადასხმა, თუ ამის ჩვენება არის და სხვა", — თქვა გამყრელიძემ.