გაიცანით ტიკტოკის ახალი კონკურენტი და ერთგვარი კლონი, რომელსაც ერთადერთი გარემოება განასხვავებს — Zynn მომხმარებლებს ვიდეოს ყურებასა და რეგისტრაციაში ფულს უხდის. აპლიკაცია მაისის დასაწყისში გამოვიდა და უკვე დაიკავა App Store-ის პოპულარულ აპლიკაციებს შორის პირველი ადგილი, ხოლო Google Play-ში ის ტოპ ათეულშია.

ორივე კონკურენტის ინტერფეისის ძირითადი ნაწილი აბსოლუტურად იდენტურია და ერთადერთი განსხვავება დოლარის სიმბოლოთი გაფორმებული ტაიმერია. ყოველი ვიდეოს ყურებაში ტაიმერი ივსება და გაძლევთ ქულებს, რომლებიც ფულში ან სასაჩუქრე ბარათში შეგიძლიათ გადაცვალოთ.

სინამდვილეში Zynn ჩინეთში მსგავსი ვიდეო აპლიკაციების ტრენდის გაგრძელებაა და ამჟამად ის მხოლოდ Douyin-ს ჩამორჩება, რომელიც ჩინეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ტიკტოკის ანალოგად ითვლება. ამჟამად აპლიკაცია რეკლამის გაყიდვით მუშაობს და მის მიერ გამომუშავებული თანხა, მომხმარებლებისთვის გაცემული თანხის ოდენობას აღემატება.

Zynn-ის შემქმნელმა კომპანია Kuaishou-მ WeChat-ის შემქმნელი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Tencent-ისგან $2 მილიარდიანი ინვესტიციაც მიიღო.

აპლიკაციის პოპულარობის სწრაფი ზრდა მომხმარებლებისთის ფინანსური დაინტერესებით არის განპირობებული. მაგალითად, რამდენიმეწუთიანი ვიდეოს ყურებაში მომხმარებელი 0.12 ცენტს მიიღებს, ხოლო თუ ის 5 მეგობარს მოიწვევს, რომლებიც ასევე რეგულარუად დაიწყებენ ახალი აპლიკაციის გამოყენებას, მაშინ მომხმარებელი კიდევ 110 აშშ დოლარს მიიღებს.

ტიკტოკის მსგავსად, ვიდეოების ყურება აპლიკაციის გახსნისთანავე შეგიძლიათ, თუმცა ანაზღაურების მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა, რა დროსაც Zynn-ის შემქმნელებს თქვენს პირად ინფორმაციას გაუზიარებთ. აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლა მხოლოდ დამატებითი პლატფორმების გამოყენებით შეგიძლიათ, როგორებიცაა გუგლი, ფეისბუქი ან ტვიტერი.

საინტერესოა, რომ საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში Zynn რეგისტრაციის პროცესს აჩერებს. ანაზღაურების განაღდებისთვის კი საჭიროა თქვენს პროფილს აპლიკაციაში PayPal-ის ანგარიში მიაბათ.