ფაბერი წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც ერთი შეხედვით გამოუყენებელი ტანსაცმელის გასაყიდად განთავსების საშუალებას იძლევა. ახალ ციფრულ მარკეტში სამოსის შეძენა უფრო იაფი ჯდება, ხოლო სასურველი ნივთის პოვნა და თანხის გამომუშავება — უფრო მარტივი.

ფაბერში სასურველი სამოსის შესაძენად შექმნილია ე.წ "დეპარტამენტები", რომლებიც თემატურადაა დაყოფილი. განყოფილებები მოიცავს ქართველი დიზაინერების კოლექციებს, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ბრენდებს, ვინტაჟურ ნივთებს, ავთენტურ ბრენდებს და, რაც მთავარია, pre-owned დეპარტამენტს, სადაც ავტორიზებული მომხმარებლები და ინფლუენსერები თავიანთ ნივთებს დებენ.

ციფრული მარკეტის აპლიკაციას სოციალური ქსელის ფუნქციაც გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო მომხმარებლის სიახლეები გამოიწეროთ და პირველებმა გაიგოთ მის მიერ გამოქვეყნებული ახალი გასაყიდი ნივთის შესახებ. მომხმარებელს ასევე შეუძლია მონიშნოს მისთვის საინტერესო ბრენდები, რათა თვალი ადევნოს მათ პროდუქციას. მომხმარებელს ასევე საშუალება აქვს მოიწონოს, დააკომენტაროს და ფავორიტებში მონიშნოს მისთვის საინტერესო პროდუქცია. საერთო ჯამში აპლიკაცია ძალიან მარტივი და მოსახერხებელია.

სტარტაპის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, ანანო დოლაბერიძის თქმით, ნივთის განთავსებისას იგი დეტალურ შემოწმებას გადის — "მოწმდება ნივთის ავთენტურობა, მდგომარეობა — რამდენად შეესაბამება აპლიკაციაში ატვირთულს, აღწერა და ასევე ჰიგიენური ნორმები. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ნივთი ფაბერის ლამაზი შეფუთვით მის მყიდველთან მიგვაქვს."

იდეის ავტორების თქმით ნივთის გამყიდველისგან მყიდველამდე უფასო მიტანისა და გამყიდველთან ანგარიშსწორების დასრულებისთვის ორი საათიც საკმარისია.

"მინდა ხაზი გავუსვა კომპანიის დამოკიდებულებას და მიზანს მდგრადი მოდის განვითარების კუთხით. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოტივირებელი ფაქტორი. რატომ უნდა მოხვდეს ტანსაცმელი ნაგავსაყრელზე? ან რატომ უნდა იყოს სწრაფ მოდაზე მოთხოვნა, რომელიც მე-2 ადგილზეა გარემოს დაბინძურების კუთხით." — აცხადებს ანანო

ხშირად ჩვენი გარდერობის დიდი ნაწილი გამოუყენებელი რჩება, ხოლო ფაბერი ასეთ ნივთებსა და სამოსს ახალი სიცოცხლის საშუალებას აძლევს თანაც ისე, რომ მყიდველიც და გამყიდველიც კმაყოფილი რჩება.

ფაბერის მობილურ აპლიკაციას დღეს 55 000-მდე მომხმარებელი ყავს, რომლებმაც ფაბერში 70 000-ზე მეტი ნივთი ატვირთეს. რაც მთავარია, სტარტაპმა 11 000 შეკვეთა უკვე დაასრულა და მოთხოვნა ყოველდიურად იზრდება.

ფაბერი 2020 წლის ბოლომდე ოპერირებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც გეგმავს.

Phubber აპლიკაციის გადმოწერა App Store-დან და Google Play-დან შეგიძლიათ.