ბოლო წლებში ქართველი ხელოვანების არაერთი საინტერესო ნამუშევარი გვინახავს, რომლებიც ტრადიციული ქართული კულტურული ღირებულებების თანამედროვე ინტერპრეტაციებს წარმოადგენს.

მათ შორის ყველაზე ხშირად, ალბათ, ხინკლისა და ანბანის გამოსახულების ვარიაციები გვხვდებოდა ყველგან (წინდებსა თუ პოსტერებზე) და ამიტომაც, ალბათ, რთულია, ამ კუთხით ვინმეს გაოცება შეძლო.

თუმცა ქართველმა გრაფიკულმა დიზაინერმა, ქეთი ნიქაბაძემ მაინც მოახერხა, რომ ამ საკმაოდ გაცვეთილ თემაზე სრულიად ახალი, განსაკუთრებული და რაც მთავარია, სახალისო კონცეფცია შეექმნა: მონსტრების ანბანი.

ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ქართული ანბანის 33 ასო, შესაძლოა, საყვარელი და სახალისო ურჩხულები ყოფილიყვნენ?

თუ ახლაც გიჭირთ ამის წარმოდგენა, ეს საოცარი ილუსტრაციები დაგეხმარებათ, რომ ქართული ანბანის ბინადარი მონსტრები გაიცნოთ.

ფოტო: Kate Nikabadze / Behance

"ამ ილუსტრაციების იდეა უცებ მომივიდა თავში: თავიდან უბრალოდ განტვირთვისთვის რამდენიმე ასო გავაკეთე, სამუშაოს დროს ცოტა რომ დამესვენა. მერე კი ეშხში შევედი და ვეღარ გავჩერდი. საბოლოოდ კი ის ორი რამ გავაერთიანე, რაც ძალიან მიყვარს: ქართული ანბანი და მონსტრები. ოღონდ კეთილი და საყვარელი მონსტრები, რომლებსაც ბავშვები უყვართ", — ამბობს ქეთი On.ge-სთან საუბარში.

ფოტო: Kate Nikabadze / Behance

როგორც თავად ამბობს, მისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა მსგავსი შემოქმედებითი პროცესი, როცა დამოუკიდებლად და თავისი სურვილით იწყებს მუშაობას:

"მუშაობის პროცესი ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს, რადგან მიყვარს ჩემი საქმე და განსაკუთრებით მაშინ, თუ საჩემოდ ვაკეთებ რამეს. წინასწარ არასდროს არაფერს ვგეგმავ, უცებ თავში რაც მომივა, ვიწყებ გაკეთებას და მერე ან სადმე მივყავარ ან ერთი რაღაცით მთავრდება".

ფოტო: Kate Nikabadze / Behance

ქეთი ნიქაბაძე აპირებს, რომ ამით არ დაასრულოს ეს ერთგვარი პროექტი და მომავალში მსგავსი თემატიკით სასვენი ნიშნების და ციფრების ილუსტრაციები შექმნას. შესაბამისად, მათ, ვისაც მისი ეს წამოწყება მოსწონთ, შესაძლებლობა ექნებათ შემდეგში კიდევ სხვა ახალი ურჩხულებიც გაიცნონ.

ფოტო: Kate Nikabadze / Behance

ანბანის ოცდაცამეტივე მონსტრისა და კიდევ სხვა საინტერესო ილუსტრაციების ხილვა ქეთის Behance-ს პირად გვერდზე შეგიძლიათ.