ტელ არადში 1960-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი სალოცავი აღმოაჩინეს, რომელიც ერთ დროს ორ ძველ ციხესიმაგრეს შორის იყო აღმართული.

სალოცავისადმი ინტერესი არქეოლოგებმა კიდევ ერთხელ იმიტომ გამოიჩინეს, რომ კირქვის საკურთხეველიდან აღებული მასალების ანალიზით დადგინდა, რომ ქრისტეს შობამდე ჯერ კიდევ 760-715 წლის წინანდელ სალოცავში, რელიგიური რიტუალებისთვის მარიხუანას იყენებდნენ.

კირქვის საკურთხევლიდან მასალები პირველად 1960 წელს აიღეს, თუმცა იმდროინდელი ტექნოლოგიით სარიტუალო ნივთიერების ანალიზი ვერ მოხერხდა. ახალ კვლევას არქეოლოგი ერან არი და ბიოარქეოლოგი დვორი ნამადარი გაუძღვნენ და საკურთხევლიდან აღებული მასალები ხელახლა გაანალიზეს.

აღმოჩნდა, რომ ამ ტაძარში მარიხუანას მცირე ოდენობის ცხოველის განავალთან ურევდნენ, რაც მცენარის დაბალ ტემპერატურაზე წვას განაპირობებდა, რიტუალში მონაწილენი კი კვამლს იყნოსავდნენ. საინტერესო ის არის, რომ დამწვარი მარიხუანის რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. მეორენაირად რომ ვთქვათ, რიტუალში მონაწილენი THC-ის (ფსიქოაქტიური ნივთიერება) გავლენის ქვეშ იქნებოდნენ.

ბიბლიურ და ისტორიულ ტექსტებში ნახსენებია, რომ დაახლოებით ამ პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში რიტუალებისთვის სხვადასხვა ნივთიერებას იყენებდნენ, თუმცა მარიხუანაზე არსად არაფერი წერია.

სხვა კვლევები იმაზეც მიანიშნებენ, რომ რელიგიურ რიტუალებში ოპიუმი და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც გამოიყენებოდა.

არქეოლოგი ერან არიე მიიჩნევს, რომ მარიხუანამ ისრაელში ჩინეთიდან ჩააღწია. ეს მცენარე სავარაუდოდ ჩინეთიდან და ახლანდელი სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთიდან, ისრაელის და არაბეთის გავლით ევროპაშიც აღმოჩნდა.

დროთა განმავლობაში აშკარა ხდება, რომ რიტუალებში ფსიქოაქტიური ნივთიერებები ხშირად გამოიყენებოდა. "საინტერესოა, რომ იმდროინდელი მღვდლები სავარაუდოდ 'ბოლდებოდნენ'", — ამბობს არქეოლოგი შიმონ გიბსონი.