საკონსტიტუციო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლე ვასილ როინიშვილი უარყოფს სასამართლოში კლანის არსებობას და აცხადებს, რომ მიხეილ ჩინჩალაძესთან კარგი ურთიერთობა აქვს. არასამთავრობო სექტორი უკვე დიდი ხანია სასამართლოში კლანის არსებობაზე საუბრობს. მიხეილ ჩინჩალაძეს ისინი კლანის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მოიაზრებენ.

"არანაირი კლანი დამიჯერეთ რა. რას ქვია კლანი? რატო არ არის მაგალითად ჩემი კლანი? ეგება მე ვარ საერთოდ თავმჯდომარე ამ კლანის, რა იცით", — განუცხადა მან ჟურნალისტებს საკონსტიტუციოში არჩევის შემდეგ.

როინიშვილის თქმით, მიხეილ ჩინჩალაძესთან კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობა აქვს და ჯერ კიდევ მოსამართლეობამდე იცნობდა. მისი აზრით, ჩინჩალაძე ღირსეული ადამიანია.

"ჯერ ეს ერთი, მიშა ჩინჩალაძის გადასაწყვეტი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის წარდგენა. იმას თუ მეკითხებით თქვენ მიშა ჩინჩალაძეს გაუხარდება თუ არა, ჩემი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, ალბათ, გაუხარდება, როგორც მეგობარს. ისევე, როგორც მე გამიხარდებოდა მისი ახალი გამოწვევა", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

როინიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ დაინიშნება. მისი თქმით, მსგავსი შემოთავაზება არ მიუღია.

ვასილ როინიშვილი 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. მანამდე 2006-2008 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. სხვადასხვა დროს ის იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სადისციპლინო პალატის წევრი.