თაღლითებმა 5G-სთან დაკავშირებულ ჭორებზე (რომ ის ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს) დაყრდნობით ფლეშ-მეხსიერების გაყიდვა დაიწყეს, რომელიც მათი თქმით, ადამიანებს 5G-სგან იცავს.

5GBioShield — ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელსაც ისინი 350 დოლარად ყიდიან. რეალურად კი იგი 128MB-იანი ფლეშ-მეხსიერებაა, რომელიც მხოლოდ ექვსი დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტმა საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო და ინგლისის ქალაქ გლანსტონბერის საბჭომ მას რეკომენდაციაც კი გაუწია.

ქალაქში შექმნილმა საკონსულტაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ტობი ჰოლმა განაცხადა, რომ ფლეშ-მეხსიერება 5G სიგნალს კვანტური ტექნოლოგიის გამოყენებით ბლოკავს.

მისი თქმით, ეს სიგნალები სუიციდის შემთხვევებს ზრდის, ასევე ავრცელებს კორონავირუსს და მკვდარი ჩიტების ციდან ცვენაც სწორედ ამ სიგნალების დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე ჩამოთვლილ პრობლემას 5G-სთან დააკავშირებს.

"ჩვენ ამ მოწყობილობას ვიყენებთ და იგი საკმაოდ გვეხმარება", — აცხადებს ჰოლი.

პროდუქტის ვებგვერდზე წარმოდგენილ აღწერაში კი ვკითხულობთ: "ჰოლოგრაფული ნანოკატალიზატორის წყალობით ფლეშ-მეხისერება თქვენს სახლსა და ოჯახს დაიცავს".

ლონდონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 5GBioShield-ის მწარმოებლების წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღება დაიწყეს და უშუალოდ კომპანიას დაუკავშირდნენ.

"ეს ნამდვილად დაღლითობაა. ადამიანებს მსგავსი არაკეთილსინდისიერი ვაჭრობისგან დაცვა სჭირდებათ", — განაცხადა ლონდონის სავაჭრო სტანდარტების წარმომადგენელმა სტივენ ნაითმა.