რვაფეხების კვერცხებს და ფრაგმენტებს მეცნიერები ოკეანის სიღრმეებში მუდამ პოულობენ, თუმცა, ალან ჯამიესონის ხელმძღვანელობით მეცნიერების გუნდმა ჯავას ღრმულში, 7000 მეტრის სიღრმეზე პატარა "დამბო" რვაფეხა დააფიქსირა.

მკვლევრებმა ხომალდიდან ეგრეთ წოდებული ლენდერები ოკეანის ფსკერზე დაუშვეს. ეს მოწყობილობა კი 7 კილომეტრის სიღრმეზე ვიდეომასალას აგროვებდა. ცნბილი დამბო რვაფეხა, რომელიც Grimpoteuthis-ის ოჯახს მიეკუთვნება, სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა ლენდერმა გადაიღო.

ინდოეთის ოკეანეში გაკეთებული აღმოჩენა რვაფეხების უნიკალურ ადაპტაციის უნარზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. ჯამიესონის თქმით, ამ ცხოველებისთვის ოკეანეში აუთვისებელი ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, რვაფეხას რომელიც ასე ღრმად ცხოვრობს სავარაუდოდ სპეციალური შეგუებულობის მექანიზმები აქვს.

7 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირებული დამბო რვაფეხა

7 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირებული დამბო რვაფეხა

ფოტო: A.Jamieson

"უჯრედების შიგნით რაღაც ჭკვიანური უნდა ხდებოდეს", — ამბობს ჯამიესონი. "წარმოიდგინეთ, რომ უჯრედი ბუშტივითაა. მაღალი წნევის ქვეშ აღმოჩენის შემთხვევაში ის გასკდება. ამიტომ, [უჯრედებს] რამე ჭკვიანური ბიოქიმიური მოწყობა ესაჭიროებათ, რომ წნეხს გაუძლონ".

"მაღალი წნევის ქვეშ ცხოვრებას უჯრედულ დონეზე ადაპტაცია სჭირდება".

ჯამიესონის აღმოჩენა Five Deep ექსპედიციის ფარგლებში გაკეთდა. პროექტი ნაწილობრივ ტექსასელი ფინანსისტის, ვიქტორ ვესკოვოს დახმარებით ჩატარდა. ვესკოვოს მიზანი დედამიწის ხუთივე ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილის მონახულება იყო.

სანამ ბატონი ვესკოვო რეკორდების დამყარებას ცდილობდა, ჯამიესონი პარალელურად სამეცნიერო გამოკვლევებს ხელმძღვანელობდა.

ვიქტორ ვესკოვო პირველი ადამიანია, რომელიც ხუთივე ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში იმყოფებოდა

ვიქტორ ვესკოვო პირველი ადამიანია, რომელიც ხუთივე ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში იმყოფებოდა

ფოტო: Atlantic Production for Discovery Channel

"ოკეანის ეკოლოგიის და ზღვის ბიოლოგიის კანონები დაახლოებით იგივეა... იდეა თითქოს ოკეანის სიღრმეებზე მხოლოდ ვიქტორიანული ეპოქის მითიური გარეგნობის ცხოველები ცხოვრობენ, არასწორია", — ამბობს მეცნიერი.

მართლაც, ოკეანის ასეთ სიღრმეებზე გადარჩენისთვის უცხოპლანეტური გარეგნობა საჭირო არ არის. როგორც ჩანს ბევრი ცხოველი ამას საყვარელი შესახედაობითაც ახერხებს.